აშშ-ის სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი ვარაუდობს, რომ მსოფლიოში ნავთობის ფასების მკვეთრი კლება წლის ბოლომდე მოხდება.
„ამ კონფლიქტის ბოლოს ნავთობის ფასები გაცილებით დაბალი იქნება“, – განაცხადა სკოტ ბესენტმა Fox Business-ის გადაცემა Sunday Morning Futures-თან ინტერვიუში.
ამასთან, სკოტ ბესენტმა ოპტიმისტურად ისაუბრა ჰორმუზის სრუტეზე, რომელიც ირანმა კომერციული მიმოსვლისთვის დაკეტა.
ბესენტის განცხადებით, არ გაუკვირდება, თუ მალე სრუტეში მეტ გემს დაინახავენ, რადგან, მისივე თქმით, ირანის მცდელობა, გემებს ჰორმუზის სრუტის გავლაში საფასურის გადახდა მოსთხოვოს, თეირანს დიდ მოგებას ვერ მოუტანს და ადრე თუ გვიან დათმობაზე წასვლა მოუწევს.
ამასთან, სკოტ ბესენტის თქმით, აშშ ირანის ხელისუფლებას ეკონომიკურად „ახრჩობს“.
„ეს დაიწყო გასული წლის მარტში პრეზიდენტ ტრამპის მიერ მაქსიმალური ზეწოლის შესახებ გაცემული ბრძანებით და სამი კვირის წინ პრეზიდენტმა თავად მისცა ფინანსთა სამინისტროს ბრძანება, დაეწყო ე.წ. ეკონომიკური მრისხანება. ჩვენ ვახრჩობთ რეჟიმს და მათ არ შეუძლიათ, თავიანთ ჯარისკაცებს ანაზღაურება გადაუხადონ. ეს არის რეალური ეკონომიკური ბლოკადა და ეს ეხება მთავრობის თითოეულ წევრს“, – განაცხადა სკოტ ბესენტმა.