მავალმა Curiosity-მ მარსის ზედაპირზე უკვე მრავალი სიურპრიზი გამოავლინა, მაგრამ მისი უახლესი სიურპრიზი სრულიად განსხვავებულია.

სხვების მსგავსად, ამ შემთხვევაშიც ყველაფერი გაბურღვით დაიწყო.

2026 წლის 25 აპრილს, მავალმა თავისი როტაციულ-დარტყმითი საბურღი ჩაყო ქანში, რომელსაც ატაკამას უწოდებენ; მისი მიზანი იყო, ნაბურღი მასალა ფხვნილად ექცია, რათა შემდეგ დეტალურად შეესწავლა. ასეთია სტანდარტი.

თუმცა, როდესაც Curiosity-მ ბურღი ამოიღო, მთელი 13 კილოგრამიანი ქვის ფილა მას უბრალოდ… თან ამოჰყვა.

NASA-ს განცხადებით, ასეთი რამ ჯერ არასოდეს მომხდარა Curiosity-ს მარსზე ყოფნის 13,5 წლის განმავლობაში.

„გაბურღვისას ქვის ზედა ფენები ადრეც დაბზარულა ან დანაწევრებულა, მაგრამ ბურღს მთლიანი ქვა აქამდე თან არასოდეს ამოჰყოლია“, — წერს NASA.

ფაქტი ისაა, რომ მიუხედავად ყოველმხრივი ტესტირებისა, მავალის ინჟინრები ვერასოდეს იწინასწარმეტყველებენ ყველა იმ პრობლემას, რაც შეიძლება მას სხვა პლანეტაზე შეექმნას, ჩვენგან ასეულობით მილიონი კილომეტრის დაშორებით.

ქვის სტრუქტურის მცირე სხვაობასაც კი, ციცქნა ბზარებს, სიმტკიცის ვარიაციებს, ფენების ერთმანეთთან მიბმას — შეუძლია იმოქმედოს იმაზე, როგორ იქცევა ის სტრესის ქვეშ.

დედამიწაზე ამ თვისების პირდაპირ შესწავლა შესაძლებელია. მარსზე კი ეს მხოლოდ მაშინ ვლინდება, როცა ქვას ბურღი შეეხება.

Curiosity წითელ პლანეტაზე 2012 წელს დაჯდა და მას შემდეგ, მარსის ქანებთან პრობლემა რამდენჯერმე შეექმნა, განსაკუთრებით მის საბურღ ხელსაწყოს.

ინსტრუმენტი აერთიანებს ბურღვასთან დაკავშირებულ ბრუნვით მოძრაობას პერკუსიულ (დარტყმით) ძალასთან, რომელიც შექმნილია ქვის წმინდა ფხვნილად დასაშლელად.

მავალი შემდეგ ამ ფხვნილს აგროვებს და გადააქვს საბორტო ინსტრუმენტებში, რომლებიც მის ქიმიურ და მინერალურ შემადგენლობას სწავლობენ.

პრობლემებმა ჯერ კიდევ 2015 წელს იჩინა თავი, როდესაც დასარტყამ მექანიზმში ელექტრული მოკლე ჩართვა გაჩნდა. 2015 წლის ბოლოს კიდევ ერთი ხარვეზი წარმოიშვა — ნამსხვრევებმა მუხრუჭი შეაფერხა.

2016 წლის ნოემბერში, მუხრუჭის ხარვეზის გამო ბურღი გაიჭედა და NASA-მ ბურღვის პროცესი გაურკვეველი დროით შეაჩერა.

ყოველმხრივი ტესტირების შემდეგ, NASA-ს ინჟინრებმა შემოვლითი გზა შეიმუშავეს და ბურღვა 2018 წელს განახლდა.

მას შემდეგ, ბურღვის ოპერაციებით რამდენიმე მნიშვნელოვანი აღმოჩენა გაკეთდა, მათ შორის, გრძელჯაჭვიანი ალკანები მარსის თიხის ქვებში, რომელთა არსებობაც, NASA-ს განცხადებით, ძნელია აიხსნას ჩვენთვის ცნობილი რომელიმე არაბიოლოგიური პროცესებით.

საბედნიეროდ, ატაკამის ქვა Curiosity-ს ბურღზე დიდხანს არ დარჩა ჩამოკიდებული.

თავიდან, Curiosity-ს ჯგუფმა დედამიწიდან ბურღის ვიბრირება სცადა, რათა ქვა ჩამოვარდნილიყო, მაგრამ ამაოდ.

29 აპრილს ხელახლა სცადეს. ქვიშა ჩამოცვივდა, მაგრამ ბურღს ქვა მაინც არ მოსძვრა.

საბოლოოდ, 1 მაისის მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა და ბურღი ქვისგან გათავისუფლდა.

„Curiosity-ს ჯგუფმა ბურღი მეტად დახარა, ატრიალა და ავიბრირა. საბოლოოდ, ქვა მიწაზე დაეცა და დაიმსხვრა“, — წერს NASA.

თავდაპირველად Curiosity-ს მისია მხოლოდ ორი წლით იყო დაგეგმილი, მაგრამ უკვე 13,5 წელია, ის მარსზეა და დღემდე აქტიურად განაგრძობს მუშაობას.

მისმა აღმოჩენებმა რევოლუცია მოახდინა მარსის შესახებ ჩვენს გაგებაში, მისი წყლიანი წარსულით დაწყებული, გეოლოგიითა და შესაძლო უძველესი მიკრობული სიცოცხლის ნიშნებით დამთავრებული.

წლებია, მავალი შარპის მთის კალთებზე ადის, შეისწავლა შორეულ წარსულში გეილის კრატერში მდგარი ტბის დამშრალი ფსკერის დანალექები, დააფიქსირა ორგანული მოლეკულები.

ცვეთის ნიშნები Curiosity-ს უკვე გაუჩნდა, მაგრამ ჯერ კიდევ საკმაოდ ძლიერია, რათა სამეცნიერო საქმიანობა გააგრძელოს. რა თქმა უნდა, ეს ინჟინრების დამსახურებაა, რომლებიც ყოველი მოულოდნელი პრობლემის გადაჭრის გზას მალევე პოულობენ.

მომზადებულია science.nasa.gov-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

წყარო: პირველი არხი