მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ წამოიწყონ ინკლუზიური პროცესი ყველა დაინტერესებული მხარის, სოციალური აქტორისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით, რათა შეიქმნას ისეთი საარჩევნო გარემო, რომელიც იძლევა საშუალებას, ჩატარდეს დემოკრატიული ახალი არჩევნები, რომელიც უნდა გამოცხადდეს მომდევნო თვეებში, – ამის შესახებ ლატვიელმა დეპუტატმა, ზანდა კალნინა ლუკაშევიცამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, „დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომელიც ღრმა სოციალურ კრიზისშია, ადეკვატური პასუხია დემოკრატიული ახალი არჩევნების ჩატარება“.

„ივნისში გამართული სესიის დროს, როდესაც კომიტეტის სახელით ვისაუბრე სასწრაფო დებატებზე, რომელიც ეხებოდა საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, აღვნიშნე, რამდენად სამწუხაროა დემოკრატიული უკუსვლის საკითხის განხილვა იმ ქვეყანაში, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ მოძრაობდა მონიტორინგის დასრულებისკენ. ცოტა თუ ივარაუდებდა, რომ ექვსი თვის შემდეგ მე აქ ვიდგებოდი და წარმოვადგენდი ანგარიშს, რომელიც ეხება საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების გასაჩივრების საკითხს, იმის გამო, რომ საქართველომ ვერ შეძლო, შეესრულებინა ევროსაბჭოს წევრის ვალდებულებები, რომლებიც ეხება დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებების დაცვას. 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მოვლენების განვითარება საქართველოში, ასევე ის, რა ფორმით ჩატარდა არჩევნები, მკაფიოდ აჩვენებს, რომ ამ ასამბლეის მიერ გაკეთებული მოწოდება დემოკრატიული უკუსვლის შეჩერების მოთხოვნით, არ ყოფილა გათვალისწინებული და საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გრძელდება და დაჩქარდა უპრეცედენტო სისწრაფით. ეს საჭიროებს მკაფიო პასუხს და ასევე მკაფიო რეკომენდაციას, როგორ შევცვალოთ ეს დემოკრატიული უკუსვლა. საქართველოს მმართველი პარტიის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერება ეწინააღმდეგება მათ საარჩევნო დაპირებებს. ამის შემდგომი სასტიკი ძალის გამოყენება დემონსტრანტების წინააღმდეგ, რაც წარმოადგენდა შეკრების თავისუფლების უფლების დარღვევას, ასევე ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების დევნა – ამ ყველაფრის შედეგად დადგა ღრმა სოციალური კრიზისის და პოლიტიკური ინსტიტუტების მიერ ნდობისა და ლეგიტიმურობის სრული დაკარგვა.

სოციალური კონტრაქტი მოქალაქეებს და მთავრობას შორის დაირღვა. ეს მკაფიოდ ჩანს იმ საპროტესტო აქციებით, რომლებიც ყოველდღიურად იმართება თბილისსა და სხვა ქალაქებში. ეს აქციები ძირითადად არის საზოგადოების მიერ მართული და სპონტანური. კრიზისიდან გამოსავლის პოვნა შეუძლებელია სოციალური აქტორებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გარეშე. დემოკრატიულ საზოგდოებაში, რომელიც ასეთ ღრმა სოციალურ კრიზისშია და სოციალური კონტრაქტი მოქალაქეებსა და მთავრობას შორის დარღვეულია, ადეკვატური პასუხი არის დემოკრატიული ახალი არჩევნების ჩატარება. თუმცა, ცხადია, რომ არჩევნების ისეთივე პირობებში ორგანიზება, როგორც ეს იყო 2024 წლის ოქტომბერში, ამ ასამბლეის საარჩევნო მონიტორინგის ანგარიშში მოცემული სერიოზული ხარვეზების გადაჭრის გარეშე, არ მიგვიყვანს დემოკრატიულ არჩევნებამდე და ვერ გადაჭრის სოციალურ კრიზისს. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ წამოიწყონ ინკლუზიური პროცესი ყველა დაინტერესებული მხარის, სოციალური აქტორისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით, რათა სასწრაფოდ გადაიჭრას აღნიშნული ხარვეზები და შეიქმნას ისეთი საარჩევნო გარემო, რომელიც იძლევა საშუალებას, ჩატარდეს ზოგადად დემოკრატიული ახალი არჩევნები, რომელიც უნდა გამოცხადდეს მომდევნო თვეებში“, – განაცხადა ზანდა კალნინა ლუკაშევიცამ.

1tv.ge