ევროკავშირის თავდაცვის კომისარმა, ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომ ევროპამ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა უნდა გაზარდოს, რათა რუსეთმა უპირატესობა არ მოიპოვოს და სამშვიდობო მოლაპარაკებები კიევმა ძლიერი პოზიციიდან აწარმოოს.
ევროკავშირის თავდაცვის კომისარი, ანდრიუს კუბილიუსი, „პოლონეთის რადიოს“ ჟურნალისტი, ბეატა პლომეცკა და TVN-ის ჟურნალისტი, მაცეი სოკოლოვსკიფოტო: „შჩიტ ევროპი“ (Szczyt Europy)
უკრაინაში რუსეთის შეჭრის მეოთხე წლისთავის წინ, პოდკასტში „შჩიტ ევროპი“ (Szczyt Europy) საუბრისას, კუბილიუსმა აღნიშნა, რომ კიევისთვის სამხედრო დახმარების ამჟამინდელი დონის შენარჩუნება მოსკოვისთვის იქნება ხელსაყრელი.
„თუ ჩვენი დახმარება ამჟამინდელ დონეზე დარჩება, რუსეთი ფრონტის ხაზზე გამარჯვებასა და დომინირებას დაიწყებს“, - განუცხადა მან პოდკასტის წამყვანებს, „პოლონეთის რადიოს“ ჟურნალისტ ბეატა პლომეცკასა და TVN-ის ჟურნალისტ მაცეი სოკოლოვსკის.
კუბილიუსის მტკიცებით, უკრაინის მხარდაჭერის გაზრდა ევროპას, საბოლოო ჯამში, უფრო ნაკლები დაუჯდება, ვიდრე რუსეთის გამარჯვების დაშვება. მისივე თქმით, უკრაინის გაძლიერებას შეუძლია შექმნას „მშვიდობის რეალური პირობები ძალის, ზეწოლისა და უკრაინის პოზიციის გამყარების გზით“. ეს კიევს „გამარჯვების რეალურ შანსს“ მისცემს, რამაც, თავის მხრივ, შესაძლოა, დაარწმუნოს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომ ომის მოგება შეუძლებელია.
კითხვაზე, უნდა დათანხმდეს თუ არა უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ ტერიტორიულ დანაკარგებს, მათ შორის იმ მიწების დათმობას, რომლებიც ჯერ არ არის რუსეთის მიერ ოკუპირებული, კუბილიუსმა ხაზგასმით თქვა, რომ ეს წინადადება მიუღებელია. „ოკუპაციის აღიარება არ შეიძლება“, - აღნიშნა მან და იქვე დასძინა, რომ მიზანშეწონილია, რუსეთისთვის დაწესებული ზოგიერთი საერთაშორისო სანქცია ძალაში დარჩეს მანამ, სანამ უკრაინა ტერიტორიებს სრულად არ დაიბრუნებს და ოკუპაცია არ დასრულდება.
„ამას შესაძლოა გარკვეული დრო დასჭირდეს“, - განაცხადა ევროკომისარმა და დაამატა, რომ ვერ ხედავს ვერანაირ მიზეზს, რის გამოც ევროკავშირმა საერთაშორისო სამართლის მტკიცედ დაცვაზე უარი უნდა თქვას.
სანამ ომი გრძელდება, კუბილიუსი მოსკოვთან დიალოგის ფართო მასშტაბით განახლებასაც ეწინააღმდეგება. „მე, ზოგადად, პუტინთან დიალოგის დაწყების კატეგორიული წინააღმდეგი ვიქნებოდი [...], სანამ ის უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს. ერთადერთი, რაზეც პუტინთან საუბარი შეგვიძლია, მშვიდობაა“, - აღნიშნა მან.
წყარო: „პოლონეთის რადიო“, 1tv.ge