ილონ მასკი მაისიდან აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელის პოზიციიდან გადადგება. როგორც Fox News-თან ინტერვიუში მილიარდერმა ბიზნესმენმა განმარტა, DOGE-ის ხელმძღვანელის პოზიციაზე ის “მთავრობაში რევოლუციას” ხელმძღვანელობდა.
DOGE-ის გუნდის დათვლით, მთავრობამ უკვე დაზოგა $115 მილიარდი ხარჯების შემცირებითა და თაღლითური კონტრაქტების გაუქმებით. მასკი მიიჩნევს, რომ დეპარტამენტი სწორ გზაზე დააყენა და ახლა შეუძლია, რომ გადადგეს.
მასკის მტკიცებით, ის თანამდებობას საკუთარი გადაწყვეტილებით ტოვებს.
“ვფიქრობ, ძირითადი სამუშაოები იმისთვის, რომ საბიუჯეტო დეფიციტი $1 ტრილიონით შევამციროთ, მოცემულ დროში უკვე ჩავატარეთ. მთავრობა ეფექტიანი არ არის, ადგილი აქვს ფლანგვასა და თაღლითობას. დარწმუნებულები ვართ, რომ ხარჯების 15%-იანი შემცირება კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამთავრობო სერვისების შეფერხების გარეშეა შესაძლებელი. ჩვენი მიზანია, რომ ფლანგვა და თაღლითობა $4 მილიარდით შევამციროთ ყოველ დღე, 24 საათი, კვირაში 7 დღე”, - თქვა ილონ მასკმა.