ჭეშმარიტად ეპიკური მასშტაბის საინჟინრო პროექტი იქნებოდა, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, შეიძლება მართლაც დაგვჭირდეს დამბის აშენება ალასკასა და აღმოსავლეთ რუსეთს შორის. განხორციელების შემთხვევაში, ეს თამამი წინადადება თავიდან აგვაცილებს ოკეანის უმნიშვნელოვანესი დინების კოლაფსით გამოწვეულ ყველაზე უარეს შედეგებს. ეს საკითხი მკვლევრებმა რამდენიმე დღის წინ განიხილეს მნიშვნელოვან კონფერენციაზე.
იდეა ნიდერლანდების უტრეხტის უნივერსიტეტის მკვლევარ ჯელ სუნსს და მის კოლეგა ჰენკ დიჯსტრას ეკუთვნით, რომლებიც ატლანტიკის მერიდიანული მიმოქცევის ცირკულაციას (AMOC) სწავლობენ. დინების ეს სისტემა, რომელიც ასევე მოიცავს გოლფსტრიმს, მთავარი მიზეზია იმისა, რომ ჩრდილოეთ ევროპას თავისი განედის კვალობაზე შედარებით რბილი კლიმატი აქვს.
თუმცა, ცნობილია, რომ ეს დინება სუსტდება. არსებობს დიდი გაურკვევლობა იმის თაობაზე, თუ რა მოხდება მისი კოლაფსის შემთხვევაში, მაგრამ ზოგიერთი მოდელის თანახმად, ჩრდილოეთ ევროპაში ტემპერატურა დრამატულად შემცირდება.
სუნსის აზრით, დამბა შეიძლება ამის შესაძლო ინტერვენცია იყოს; ამ დასკვნამდე ის მას შემდეგ მივიდა, რაც შეისწავლა პლიოცენის ეპოქაში, დაახლოებით 5,3 – 2,6 მილიონი წლის წინ ამჟამინდელ ბერინგის სრუტეში არსებული ხმელეთის ხიდი, მაშინ, როცა ზღვის დონე უფრო დაბალი იყო. პლიოცენის კლიმატის სიმულაციები აჩვენებს, რომ მაშინ AMOC-ის დინებათა სისტემა უფრო ძლიერი იყო და ამის მიზეზი ძირითადად სწორედ ეს ხმელეთის ხიდი იყო.
ასეთი დამბის აშენების ეფექტების შესასწავლად, სუნსმა და დიჯსტრამ AMOC-ის სიმულაციები ჩაატარეს — სიმულაციებში იცვლებოდა როგორც დამბის აშენების თარიღი, ასევე მტკნარი წყლის ზუსტი რაოდენობა.
მტკნარი წყალი განტოლების საკვანძო ნაწილია, რადგან ამჟამად ის წყნარი ოკეანიდან ბერინგის სრუტის გავლით ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში მიემართება, რაც AMOC-ს ასუსტებს. დამბის აშენება მტკნარი წყლის ამ გადინებას შეასუსტებდა ან შეაჩერებდა.
რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნებულ ნაშრომში, სუნსმა და დიჯსტრამ შერეული შედეგები მიიღეს — ზოგიერთ სცენარში დამბამ AMOC-ი გააძლიერა, მაგრამ დანარჩენში საპირისპირო ეფექტი ჰქონდა. თუმცა, ასეთი შედეგები შედარებით მარტივმა და დაბალი რეზოლუციის მოდელმა გამოიღო.
5 მაისს, ვენაში გამართულ ევროპის დედამიწის მეცნიერებათა კავშირის გენერალურ ასამბლეაზე სუნსმა წარმოადგინა ნაშრომი, რომელშიც გაიმეორა სიმულაციები სუპერკომპიუტერზე, გაცილებით მოწინავე კლიმატური მოდელის გამოყენებით. ეს მიუთითებდა, რომ სრუტის დახურვა AMOC-ს გააძლიერებდა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ დამბა უფრო მალე აშენდება, სულ მცირე, 2050 წლამდე.
ბერინგის სრუტის სიღრმე ყველაზე ღრმა წერტილში მხოლოდ 59 მეტრია, შუაში კი ორი პატარა კუნძულია, ანუ ბარიერი მათ აქეთ-იქით აშენდება. სამოქალაქო ინჟინერიის ინსტიტუტის ყოფილი პრეზიდენტი ედ მაკკანი ამბობს, რომ ამის გაკეთების საუკეთესო გზა იქნებოდა ბეტონზე უარის თქმა და მის ნაცვლად ქვისა და ამოღებული ქვიშის ბარიერის აშენება მცურავი აპარატურის გამოყენებით.
„ამ სახის მშენებლობა ძალიან მარტივია, მაგრამ ძალიან დიდი და ძვირი“, — ამბობს იგი.
ლონდონის ეკონომიკის სკოლის მკვლევარი ჯონათან როსერი ამბობს, რომ ნაშრომი საინტერესოა, მაგრამ იმის გამო, რომ ჯერ სრულად არ გვესმის AMOC-ი, ვერ ვიქნებით დარწმუნებული ასეთი ინტერვენციის შედეგებში.
სუნსი ასევე აღიარებს გაურკვევლობას და ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ დამბის მშენებლობა შეიძლება სასარგებლო იყოს ჩრდილოეთ ევროპისთვის, ეს გააჩენს სხვა პრობლემებს, როგორიცაა ნალექების მახასიათებელთა შეცვლა მთელ პლანეტაზე.
აღსანიშნავია, რომ ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა მკვლევრები ზღვის უზარმაზარი დამბის მშენებლობის იდეას აყენებენ კლიმატის ცვლილების შესამსუბუქებლად. 2020 წელს, ნიდერლანდების ზღვის კვლევების სამეფო ინსტიტუტის მკვლევარმა სიორდ გროესკამპმა წარმოადგინა იდეა, სახელად „ჩრდილოეთ ევროპის შემოღობვის დამბა“, რომელიც გულისხმობდა ორი ბარიერის მშენებლობას ბრიტანეთსა და ევროპას შორის ზღვაში, რითაც თავიდან აიცილებდნენ კონტინენტის დაბლობი ნაწილების დატბორვას ზღვის დონის აწევის შედეგად.
კლიმატზე ეფექტების გარდა, ნებისმიერ ასეთ დამბას სხვა გვერდითი ეფექტებიც ექნება თუნდაც ზღვის ძუძუმწოვრების მიგრაციებზე, მიქცევა-მოქცევასა და ნაოსნობაზე.
კვლევა Science Advances-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია New Scientist-ის მიხედვით.