თაგვებზე ჩატარებული ახალი კვლევა აჩვენებს, როგორ იწვევს პურის ჭამა სხეულის წონისა და ცხიმოვანი მასის მატებას იმის მიუხედავად, როცა კალორიების მიღება ერთ დონეზე რჩება.

იაპონიის ქალაქ ოსაკის მეტროპოლიური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფის მიერ ჩატარებული ახალი კვლევა წარმოაჩენს, როგორ იწვევს ნახშირწყლების მიღება წონის ისეთივე მატებას, როგორსაც ჭარბი ცხიმის მიღება.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ნუტრიციოლოგები საუბრობენ პურისა და ნახშირწყლებისა და წონის მატებაში მათი როლის შესახებ, მაგრამ არ არსებობდა არც ისე ბევრი დეტალური კვლევა კავშირის შესახებ — განსაკუთრებით ხორბლის ფქვილის; არც იმის შესახებ, რა შეიძლება ხდებოდეს მეტაბოლურ დონეზე.

ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ ბევრი ხორბლის პურის ჭამა დაკავშირებული იყო ენერგიის ხარჯვის შემცირებასთან, რასაც მეტაბოლიზმი გადაჰყავდა მდგომარეობაში, რომელშიც პრიორიტეტია ცხიმის შენახვა, იმ შემთხვევაშიც კი, როცა რაციონში კალორიების რაოდენობა ერთსა და იმავე დონეზე რჩება“, — ამბობს ოსაკის მეტროპოლიური უნივერსიტეტის ნუტრიციოლოგი შიგენობუ მაცუმურა.

მკვლევრებმა ლაბორატორიაში ჩაატარეს ექსპერიმენტები, რომლებშიც თაგვებს აძლევდნენ საშუალებას, არჩევანი გაეკეთებინათ მათ ნორმალურ, ჯანსაღ, მარცვლეულზე დაფუძნებულ რაციონსა და მარტივ, ხორბლის პურს ან ბრინჯის პურს შორის. ამის შემდეგ, თაგვებს აკვირდებოდნენ, ამოწმებდნენ მათ წონას და იმას, თუ როგორ წვავდა მათი სხეული კალორიებს მოსვენების და აქტიურობის დროს.

სისხლის ნიმუშების გამოყენებით, ამ ცხოველებში ჯგუფმა ასევე შეისწავლა ჰორმონები, სისხლში შაქარი და მეტაბოლური დონეები, ექსპერიმენტის შემდგომი ქსოვილოვანი ანალიზით კი შეაფასეს გენების ექსპრესია ღვიძლში.

ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ თაგვები ძლიერ უპირატესობას ანიჭებდნენ თავიანთ სტანდარტული რაციონიდან ნახშირწყლებით მდიდარ საკვებზე, რამაც შემდეგ განაპირობა წონის მატება და მეტი ცხიმოვანი ქსოვილი, განსაკუთრებით მამრებში.

შემდეგმა ანალიზებმა და ტესტებმა მიანიშნა, რომ ეს ორი საკვანძო ცვლილება გამოწვეული იყო არა ზედმეტი ჭამით ან ვარჯიშის ნაკლებობით, არამედ თავად საკვებით. აღმოჩნდა, რომ ხორბლის პურის რაციონში ჯამში უფრო ნაკლები კალორია იწვებოდა და აქტიურდებოდა გენები, რომლებიც პასუხისმგებელი იყო ნახშირწყალბადების ცხიმად გარდაქმნაზე.

ცხრა კვირის შემდეგ, ხორბლის პურის რაციონზე მყოფ თაგვებს ასევე აღენიშნათ ინსულინისა და ლეპტინის დონის აწევა — ჰორმონების, რომლებიც ჩართულია მეტაბოლიზმსა და მადის რეგულირებაში; სისხლში შაქრის და ტრიგლიცერიდის დონე კი ისეთივე დარჩა, რაც თაგვების საკონტროლო ჯგუფში იყო.

კვლევაში არ შეუსწავლიათ, როგორ შეიძლება შეეტანა წვლილი ამ ჰორმონულ ცვლილებებს ცხიმის მატებაში, თუმცა ჯდება სიმსუქნის ნახშირწყალ-ინსულინის თეორიასთან, რომელიც ინსულინს აკავშირებს ცხიმის დაგროვებასთან და ენერგიის ხარჯვის შემცირებასთან.

ხორბლის პურის ჯგუფზე ფოკუსირებულმა კიდევ ერთმა შემდგომმა ტესტმა აჩვენა, რომ როცა ძველებური რაციონი აღდგა, წონის მატება შეწყდა, მეტაბოლური ცვლილებები კი უკუიქცა.

„იმედი გვაქვს, რომ მომავალში ეს გახდება სამეცნიერო საფუძველი, რომლითაც მივაღწევთ ბალანსს „გემოსა“ და „ჯანსაღს“ შორის ნუტრიციოლოგიური სახელმძღვანელოების, კვების განათლებისა და საკვების შექმნის დარგებში“, — ამბობს მაცუმურა.

ამ კვლევის შედეგები წარმოადგენს კიდევ უფრო მეტ მტკიცებულებას იმისა, თუ როგორ შეიძლება ჩვენს მიერ მიღებულმა საკვებმა გამოიწვიოს ცვლილებები იმაში, თუ როგორ ამუშავებს ჩვენი სხეული საკვებს და წვავს მასში შემავალ კალორიებს. პურის შემთხვევაში, როგორც ჩანს, ეს პროდუქტი ანელებს სხეულის მეტაბოლურ ძრავას.

კვლევის ერთი შეზღუდვა ისაა, რომ თაგვებზე ჩატარდა და არა მოხალისე ადამიანებზე. მიუხედავად იმისა, რომ დიდია ალბათობა, ადამიანებშიც ასე მოხდეს, ამას ჯერ გადაჭრით ვერ ვიტყვით და ეს უკვე სამომავლო კვლევების საქმეა.

მკვლევრებს ასევე სურთ ექსპერიმენტები ჩაატარონ საკვების უფრო ფართო არჩევანზე, რათა დაადგინონ, ზუსტად რა იწვევს პურში ამ რეაქციას.

რა თქმა უნდა, სხვა მრავალ ფაქტორსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს იმაზე, თუ როგორ რეაგირებს ჩვენი მეტაბოლიზმი საკვებსა და სასმელზე, მათ შორის კი არის ასაკი და ჰორმონებთან დაკავშირებული ცვლილებები.

„ვგეგმავთ, მომავალში ასეთი ექსპერიმენტები ადამიანებზე ჩავატაროთ, რათა დავადასტუროთ, ამ კვლევაში გამოვლენილი ზუსტად რომელი მეტაბოლური ცვლილებები ეხება კვების რეალურ ჩვევებს. ასევე გვსურს, შევისწავლოთ, რა გავლენას ახდენს ნახშირწყლების მიღების საპასუხო მეტაბოლურ რეაგირებაში ისეთი ფაქტორები, როგორიცაა მთლიანი მარცვლეული, არარაფინირებული მარცვლეული, საკვები ბოჭკოთი სავსე სურსათი, ასევე მათი კომბინაცია ცილებთან და ცხიმთან, საკვების დამუშავების მეთოდები და ჭამის დრო“, — ამბობს კვლევის ავტორი, ოსაკის მეტროპოლიური უნივერსიტეტის ნუტრიციოლოგი შიგენობუ მაცუმურა.

კვლევა Molecular Nutrition & Food Research-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია omu.ac.jp-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.

წყარო: პირველი არხი