Meta-ს სურს, ხელოვნური ინტელექტი აღარ იყოს მხოლოდ ტელეფონში გახსნილი აპლიკაცია და ყოველდღიური სტილის ნაწილად იქცეს. სწორედ ამ იდეით წარადგინა კომპანიამ ჭკვიანი სათვალეების ახალი ხაზი, სადაც მთავარი აქცენტი დიზაინზეა გაკეთებული.

სოციალურმა გიგანტმა საკუთარი ბრენდით შექმნილი პირველი ჭკვიანი სათვალეები წარადგინა, რომლებიც იტალიურ კომპანია EssilorLuxottica-სთან თანამშრომლობით შეიქმნა. ამჯერად Meta-მ უარი თქვა წინა პარტნიორობებზე Ray-Ban-თან და Oakley-სთან და გადაწყვიტა, მომხმარებლებს ისეთი მოწყობილობა შესთავაზოს, რომელიც უფრო მოდურ აქსესუარს ჰგავს, ვიდრე ტექნოლოგიურ გაჯეტს.

წარმოდგენილი კოლექცია სამი მოდელისგან შედგება: Adventurer, Fury და პრემიუმვერსია Starfire, რომელიც Kylie Jenner-თან თანამშრომლობით შეიქმნა. სათვალეების საწყისი ფასი 299 დოლარია, ხოლო სპეციალური Starfire Edition 399 დოლარი ღირს.

მომხმარებლებს შეუძლიათ 26 სხვადასხვა კომბინაციიდან აირჩიონ ჩარჩოს ფერი, ლინზები და დიზაინი. ასევე ხელმისაწვდომია მხედველობის კორექციისთვის განკუთვნილი ლინზებიც.

სათვალეები მუშაობს Muse Spark-ზე, Meta Superintelligence Labs-ის მიერ შექმნილ პირველ AI-მოდელზე, რომელიც სპეციალურად მსგავსი მოწყობილობებისთვისაა განკუთვნილი. ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია რეალურ დროში ენების თარგმნა, კამერის საშუალებით ობიექტების ამოცნობა, ნავიგაციაში დახმარება და მომხმარებლის კონტექსტზე მორგებული პასუხების გაცემა. Meta ამ კონცეფციას „პერსონალურ ინტელექტს“ უწოდებს.

მიუხედავად შედარებით დაბალი ფასისა, ახალ სათვალეებს Meta-ს წინა მოდელებისთვის დამახასიათებელი ფუნქციებიც შეუნარჩუნდა. მომხმარებლებს შეუძლიათ ფოტოებისა და ვიდეოების გადაღება, მუსიკის მოსმენა, სატელეფონო ზარების განხორციელება და Meta AI-სთან ურთიერთობა ხელების გამოყენების გარეშე.

ბატარეა ერთ დამუხტვაზე 8 საათამდე მუშაობს, ხოლო დამტენი ქეისი დამატებით 40 საათამდე ენერგიას უზრუნველყოფს.

Meta განსაკუთრებულ ყურადღებას დიზაინსაც უთმობს. სათვალეები ხელმისაწვდომია ისეთ ფერებში, როგორიცაა Classic Black, Racing Green და Linen. კომპანიის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მოდაზე ორიენტირებულ მომხმარებლებზეა გათვლილი. Kylie Jenner-ის სპეციალურ ვერსიას კი უფრო თხელი ოვალური ჩარჩო და ექსკლუზიური დიზაინის ელემენტები აქვს, რათა ახალგაზრდა მომხმარებლებმა ჭკვიანი სათვალეები, პირველ რიგში, მოდურ აქსესუარად აღიქვან და არა ტექნოლოგიურ მოწყობილობად.

ახალი პროდუქტის გამოშვება იმ ფონზე ხდება, როდესაც ასეთი მოწყობილობების ბაზარზე კონკურენცია იზრდება და მასში ისეთი კომპანიებიც აქტიურად ერთვებიან, როგორებიცაა Snap და Google. მიუხედავად ამისა, Meta ამ ეტაპზე ჭკვიანი სათვალეების გლობალურ ბაზარზე ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. კომპანიას იმედი აქვს, რომ ფასის შემცირებითა და დიზაინზე ორიენტირებული მიდგომით AI-სათვალეები ისეთივე ჩვეულებრივი აქსესუარი გახდება, როგორიც მზის სათვალეა.

www.marketer.ge