შვედეთში რვა წლის ფრანკ გუსტავსონს უჩვეულო შინაურ ცხოველთან დამშვიდობება მოუწია - მამალთან, რომელიც ჩვეულებრივ სუპერმარკეტში, Lidl-ში ნაყიდი კვერცხიდან გამოიჩეკა.

ისტორია სტოკჰოლმის გარეუბან უპლანდს-ვესბიუში დაიწყო, სადაც ფრანკის ოჯახს ქათმები ჰყავს. ერთ-ერთმა ქათამმა, სახელად ევა-სტინამ, დაიწყო ყველაფრის კრუხად ჯდომა, რაც კვერცხს ჰგავდა. ოჯახში მამალი არ ჰყავდათ, ამიტომ ჩვეულებრივი კვერცხებიდან წიწილები ვერ გამოიჩეკებოდნენ. ამის შემდეგ ფრანკმა დედა დაიყოლია, ახლომდებარე Lidl-ში ორგანული კვერცხები ეყიდათ.

ოჯახმა ხუთი კვერცხი ევა-სტინას ქვეშ დადო და სამი კვირის შემდეგ მეოთხე კვერცხიდან მართლაც გამოიჩეკა წიწილა. ფრანკმა მას ლილა ლიდლი დაარქვა — იმ მაღაზიის პატივსაცემად, სადაც კვერცხი იყიდეს.

თავიდან წიწილა სხვა ქათმებთან ერთად ცხოვრობდა და მალე ბიჭის საუკეთესო მეგობრად იქცა. ფრანკი სკოლიდან დაბრუნების შემდეგ მას საქათმიდან უშვებდა, დღის ამბებს უყვებოდა, ზოგჯერ კი მამალი დივანზეც ჯდებოდა და მასთან ერთად ტელევიზორს უყურებდა.

პრობლემები მაშინ დაიწყო, როცა ლილა ლიდლი გაიზარდა და ყოველ დილით, დაახლოებით 4-5 საათზე, ყივილი დაიწყო. ოჯახმა სცადა, ღამით გალიაში დაეტოვებინა და მუქი ქსოვილით დაეფარა, თუმცა ამან არ უშველა. მალე მუნიციპალიტეტიდან წერილიც მიიღეს — ერთ-ერთმა მეზობელმა ანონიმური საჩივარი შეიტანა.

მჭიდროდ დასახლებულ უბნებში მამლების ყოლა აკრძალულია, ამიტომ ოჯახს ლილა ლიდლისთვის ახალი სახლის მოძებნა მოუწია. საბოლოოდ, ის ქალაქგარეთ მდებარე ფერმამ შეიფარა.

ფრანკი დღემდე რეგულარულად აკითხავს თავის უჩვეულო მეგობარს და მის საყვარელ სასუსნავს, სიმინდს, მიაქვს. ბიჭის თქმით, ლილა ლიდლი მას მაშინვე ცნობს, უახლოვდება და ხელში აყვანის უფლებასაც აძლევს.

ფრანკს სურდა, მაღაზიის კვერცხებით ექსპერიმენტი კიდევ ერთხელ გაემეორებინა, თუმცა დედამ ასეთი ცდები უკვე აუკრძალა.

euro-pulse.ru