მექსიკის პრეზიდენტის, კლაუდია შეინბაუმის განცხადებით, მექსიკა აშშ-ის მთავრობასთან სავაჭრო პოლიტიკაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

მექსიკის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ  ტრამპის განცხადების მიუხედავად, რომლის მიხედვითაც, მექსიკურ და კანადურ საქონელზე ტარიფების დაწესება „დროულად და გრაფიკის მიხედვით“ მოხდება.

„სატელეფონო ზარის დროს, ჩვენ შევთანხმდით ტარიფების შეჩერებაზე ერთი თვით, რათა გაგვემართა დიალოგი ვაჭრობისა და უსაფრთხოების საკითხებზე. ეს დიალოგები გრძელდება. ასე რომ, მოვიცადოთ, ვიდრე ეს პერიოდი დასრულდება, იმის იმედით, რომ მივაღწევთ შეთანხმებას აშშ-სთან“, – განაცხადა მექსიკის პრეზიდენტმა.

როგორც კლაუდია შეინბაუმმა განმარტა, ტრამპი თუ მაინც დააწესებს ტარიფებს, მექსიკას აქვს გეგმა, რომელიც ასევე ითვალისწინებს საპასუხო ტარიფების შემოღებას.

ცნობისთვის, მიმდინარე თვეში მექსიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მან და დონალდ ტრამპმა მიაღწიეს შეთანხმებას აშშ-ის მიერ მექსიკისთვის დაწესებული ტარიფების ერთი თვის მანძილზე შეჩერების შესახებ.

1tv.ge