„სიენენის“ ცნობით, მას შემდეგ, რაც აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებზე უკრაინა არ მიიწვიეს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საუდის არაბეთში ვიზიტი გადადო.
როგორც „სიენენი“ წერს, ერ-რიადში გამართული აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საუდის არაბეთში ვიზიტს 10 მარტამდე გადადებს.
„ჩვენ არ ვყოფილვართ მიწვეული ამ რუსულ-ამერიკულ შეხვედრაზე საუდის არაბეთში. ეს ჩვენთვის მოულოდნელი იყო. ვფიქრობ, ეს ბევრი ადამიანისთვის იყო მოულოდნელი. ჩვენ აბსოლუტურად გულწრფელები და ღია ვართ. არ მინდა არანაირი დამთხვევები, ამიტომაც არ მივდივარ საუდის არაბეთში“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სურს ომის დასრულება, მაგრამ ეს უნდა იყოს სამართლიანი და არავინ მიიღოს გადაწყვეტილებები უკრაინის გარეშე.
„თქვენ ვერ მიიღებთ გადაწყვეტილებებს უკრაინის გარეშე იმის შესახებ, როგორ დასრულდეს ომი უკრაინაში, ნებისმიერ პირობებზე“, – აღნიშნა ზელენსკიმ.