საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ავიატორის სტილის სათვალით გამოჩენამ ამ ბრენდის მწარმოებელი კომპანიის აქციების ფასი მკვეთრად გაზარდა.
საუბარია 28%-30%-იან მყისიერ ზრდაზე. საქმე ისაა, რომ იტალიურ ბირჟაზე განთავსებული iVision Tech-ის აქციების ღირებულება ხუთშაბათს თითქმის 28%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც მაკრონი სათვალით დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოვიდა.
როგორც iVision Tech-მა, განმარტა, საფრანგეთის პრეზიდენტს დავოსის ფორუმზე Pacific S 01 მოდელი ეკეთა, რომლის ფასი კომპანიის ვებგვერდზე 659 ევროს შეადგენს. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, მაკრონს ეს სათვალე 2024 წელს თავად გადასცა.
ანალიტიკოსების დათვლით, აქციების ღირებულების მკვეთრმა ზრდამ iVision Tech-ის საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 4 მილიონი დოლარით გაზარდა.
iVision Tech-ი სათვალეების ფრანგულ ბრენდ Henry Jullien-ს ფლობს.
შეგახსენებთ, სამშაბათს, 20 იანვარს, საფრანგეთის სახელმწიფოს მეთაური დავოსის (შვეიცარია) ეკონომიკურ ფორუმზე მზის სათვალით გამოჩნდა. როგორც თავად განმარტა, საფრანგეთის პირველ პირს მისი ტარება თვალებთან დაკავშირებული „ჯანმრთელობის უმნიშვნელო პრობლემის“ გამო უწევს. ჯერ კიდევ წინა კვირაში, შეიარაღებული ძალებისადმი საახალწლო მიმართვისას, სისხლჩაქცევის გამო, სახელმწიფოს მეთაურს მარჯვენა თვალი ჩაწითლებული ჰქონდა, რის გამოც მან ირონიულად ახსენა „ვეფხვის თვალი“ და „მტკიცე ნების ნიშანი“. ამით მან მინიშნება ჟორჟ კლემანსოზე, მეტსახელად „ვეფხვზე“ - ისტორიულ ფიგურაზე, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს ფრანგული სიმტკიცის განსახიერებად მიიჩნეოდა.
„ბოდიშს გიხდით ჩემი თვალის არაესთეტიკური გარეგნობის გამო“, - განაცხადა მან მაღალი რანგის ოფიცრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ისტრის (სამხრეთ საფრანგეთი) ავიაბაზაზე, რომელიც ბირთვული შეკავებისთვის გამოიყენება. „ეს სრულიად უმნიშვნელო რამ არის“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა, რომელიც ბაზაზე „ავიატორის“ სათვალით მივიდა. ელისეის სასახლის მთავარი ექიმის განმარტებით, თვალში მცირე სისხლძარღვი გასკდა, რაც მაკრონის ჯანმრთელობისთვის „სავსებით უსაფრთხოა“.
პარასკევს, ელისეის სასახლეში ახალი კალედონიის ინსტიტუციური მომავლისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე, ემანუელ მაკრონს კვლავ მოლურჯო მზის სათვალე ეკეთა. „გთხოვთ, მომიტევოთ ამ სათვალის ტარების გამო, რაც უმნიშვნელო პრობლემას უკავშირდება“, - გაიმეორა მან. გამოცემა „ლე პარიზიენის“ ინფორმაციით, რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა: „იძულებული ვარ, გარკვეული დროით ვატარო ის. ამიტომ, ასეთ მდგომარეობაში ჩემი ატანა მოგიწევთ“.