ესპანელი ჩოგბურთის ლეგენდა რაფაელ ნადალი მადრიდის „რეალის“ დირექტორთა საბჭოს წევრი გახდება. კლუბის ოფიციალური განცხადების თანახმად, დირექტორთა საბჭომ 4 ნოემბერს მისი დანიშვნის საკითხი დაამტკიცა. გადაწყვეტილებას საბოლოო დასტური 21 ნოემბერს კლუბის წევრთა საერთო კრებამ უნდა მისცეს.

ნადალი „რეალის“ საპატიო წევრია და კლუბის ერთგულ გულშემატკივრად ითვლება. მადრიდული გრანდის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა და დირექტორთა საბჭომ ჩოგბურთელს მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ მისი სპორტული მიღწევები და პიროვნული თვისებები კლუბის ღირებულებებს შეესაბამება.

რაფაელ ნადალმა პროფესიული კარიერის განმავლობაში 92 ინდივიდუალური ტიტული მოიპოვა, მათ შორის 22 დიდი სლემის ტურნირი მოიგო. მას ასევე აქვს ორი ოლიმპიური ოქროს მედალი და ესპანეთის ნაკრებთან ერთად დევისის თასის ხუთგზის გამარჯვებულია. ჩოგბურთელი მსოფლიო რეიტინგის პირველ ნომრადაც იყო წარდგენილი.

ნადალმა მადლობა გადაუხადა ფლორენტინო პერესსა და კლუბის დირექტორთა საბჭოს შეთავაზებისთვის და განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას დიდი ენთუზიაზმით, სწავლისა და საკუთარი წვლილის შეტანის სურვილით დათანხმდა.