„უმალის“ თევზისა და ზღვის პროდუქტების ღირებულება შესაძლოა გაიზარდოს.
როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, გენო ნასყიდაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, სხვადასხვა პროდუქტსა და მომსახურებაზე ფასების ზრდა კომპანიაზეც აისახება, რის გამოც პროდუქციის გაძვირება შესაძლოა აუცილებელი გახდეს.
„სხვანაირად გავკოტრდებით, თუ პროდუქციას ჩვენც არ გავაძვირებთ. ეს მომგებიანი კი არა, წამგებიანი ბიზნესი იქნება. ისედაც ჯერჯერობით იმ შედეგებზე ვერ გავედით, რომელთა მიღწევაც გვინდა. ხელს ბევრი სხვადასხვა ფაქტორი გვიშლის.
როცა გგონია, რომ დღეს კარგი ფასი გაქვს, ამ დროს ბენზინი ძვირდება, დამხმარე მასალების ღირებულება იზრდება - დაწყებული ზეთით და დამთავრებული მარილით.
გვიჭირს ამ ფასების ზრდასთან შეგუება და ახალ რეალობასთან ადაპტაცია. ჩვენ ამ ყველაფერზე ვართ დამოკიდებული. საწვავის ხარჯი გაგვიორმაგდა, ელექტროენერგიის საფასურიც საკმაოდ გაიზარდა, რაც რთულ მდგომარეობაში გვაყენებს. საბოლოოდ, ეს ყველაფერი პროდუქციის ღირებულებაზე აისახება.
ფასს ერთ დღეში ვერ გავზრდით, რადგან მაღაზიათა ქსელები გაძვირების შესახებ მინიმუმ ერთი თვით ადრე უნდა გავაფრთხილოთ. როდესაც ფასები ასე ცვალებადია და მდგომარეობა გაურკვეველი, ბიზნესი ძალიან რთულ მდგომარეობაში ვარდება“, - განაცხადა გენო ნასყიდაშვილმა.
მისივე თქმით, კომპანია ჯერჯერობით საკუთარი მაღაზიის გახსნას არ გეგმავს, თუმცა სამომავლოდ გაფართოებას განიხილავს.
„ინვესტიციები გვჭირდება და ამ მიმართულებით ვმუშაობთ. დაახლოებით 1 მილიონი დოლარი დაგვჭირდება, თუმცა ჯერჯერობით ამაზე საუბარი ნაადრევია. მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში არაფერი იგეგმება, თუმცა სამომავლო პერსპექტივაში გაფართოება გვინდა“, - აღნიშნა გენო ნასყიდაშვილმა.
მისი ინფორმაციით, კომპანიაში დაახლოებით 100 ადამიანია დასაქმებული.
როგორც გენო ნასყიდაშვილმა აღნიშნა, ფასების ზრდის მიუხედავად, გაყიდვების თანხობრივმა მაჩვენებელმა დაახლოებით 20%-ით მოიმატა.
„გაყიდული პროდუქციის რაოდენობა შემცირდა, მაგრამ ფასები იმდენად გაიზარდა, რომ, სავარაუდოდ, თანხობრივად ნავაჭრი გაიზარდა. საქართველოში კარგად იყიდება ის, რაც იაფია", - განაცხადა გენო ნასყიდაშვილმა.
ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ოქტომბერში ყველაზე მეტად, 20.2%-ით თევზეული გაძვირდა.