თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბულში მხარდამჭერებს მიმართა და არჩევნებში საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისთვის მადლობა გადაუხადა.
„მადლობა თითოეულ ადამიანს, რომელმაც კიდევ ერთხელ გადმოგვცა თურქეთის მართვის პასუხისმგებლობა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში. ჩვენ დავასრულეთ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩვენი ხალხის კეთილგანწყობით“, – განაცხადა ერდოღანმა.
მედიის ცნობით, თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის მადლობას უხდის თურქ საზოგადოებას იმ „დემოკრატიის ფესტივალისთვის“, რომელიც ქვეყანამ არჩევნების დროს გამართა.
„ღმერთმა ქნას, ვიყო თქვენი ნდობის ღირსი, როგორც ეს იყო ბოლო 21 წლის განმავლობაში“, – აღნიშნა ერდოღანმა.
ერდოღანის თქმით, 14 და 28 მაისს გამართულ არჩევნებში გამარჯვებული ქვეყნის 85 მილიონი მოქალაქეა.
თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს.