2 მარტს ლონდონში ევროპელი ლიდერების თავდაცვის სამიტი გაიმართა, რომელსაც, მათ შორის, ევროპული სახელმწიფოების 13 პრემიერმინისტრი და 2 პრეზიდენტი დაესწრო და შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინაში ომის დამთავრებისა და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების გზები განიხილეს.

სამიტის გახსნით სიტყვაში გაერთიანებულმა სამეფოს პრემიერმინისტრმა კირ სტარმერმა აღნიშნა, რომ ევროპელი ლიდერები უკრაინის გვერდით მანამდე იდგებიან, სადამდეც "ეს საჭირო იქნება" და დაამატა, რომ "ჩვენ დღეს აქ შევიკრიბეთ, რადგან ეს თაობაში მხოლოდ ერთი მომენტია ევროპის უსაფრთხოებისთვის და ჩვენ ყველას გვჭირდება, რომ მეტი პასუხისმგებლობა ავიღოთ".

ხოლო სამიტის დამთავრების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ევროპელი ლიდერები რიგ საკითხებზე შეთანხმდნენ:

"პირველ რიგში, ჩვენ გავაგრძელებთ სამხედრო დახმარების მიწოდებას და გავაგრძელებთ რუსეთზე ეკონომიკური წნეხის გაზრდას, რათა უკრაინა ახლავე გაძლიერდეს.

მეორე, ჩვენ შევთანხმდით, რომ ნებისმიერმა გრძელვადიანმა მშვიდობამა უნდა უზრუნველყოს უკრაინის სუვერენულობა და უსაფრთხოება და უკრაინა უნდა იყოს მოლაპარაკებების მაგიდასთან.

მესამე, სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის თავდაცვითი უნარების გაძლიერებას, რათა აღვკვეთოთ ნებისმიერი სამომავლო თავდასხმა.

მეოთხე, ჩვენ უფრო შორს წავალთ და შევქმნით მსურველთა კოალიციას, რათა უკრაინაში შეთანხმება დავიცვათ და უზრუნველვყოთ მშვიდობა". - თქვა სტარმერმა.

ამასთანავე, სტარმერმა გამოაცხადა, რომ მისი მთავრობა უკრაინას საშუალებას მისცემს, გაერთიანებული სამეფოს ექსპორტის ფინანსებიდან (UKEF) £1.6 მილიარდი გამოიყენოს, რათა 5 000-ზე მეტი საჰაერო თავდაცვითი რაკეტები შეისყიდოს.

პრესკონფერენციაზე პრემიერმა ასევე უარყო ჟურნალისტის შეფასება, რომ აშშ "არასანდო მოკავშირე" გახდა მას შემდეგ, რაც ოვალურ ოფისში ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტისას მოხდა:

"არავის უნდოდა იმის ნახვა, რაც ამ პარასკევს მოხდა, მაგრამ არ მივიღებ, რომ აშშ არასანდო მოკავშირეა. აშშ მრავალი ათწლეულის მანძილზე იყო და აგრძელებს, იყოს გაერთიანებული სამეფოს სანდო მოკავშირე. არ არსებობს სხვა ორი ქვეყანა, რომელიც ისე ახლოს არის, როგორც ჩვენი ორი ქვეყანა და ჩვენი თავდაცვა, უსაფრთხოება და დაზვერვა ისე არის გადაჯაჭვული, როგორსაც ვერ ნახავთ სხვა ორი ქვეყნის შემთხვევაში". - აღნიშნა მან.

წყარო: ტაბულა