გასულ წელს ვილნიუსში მომხდარი „დი-ეიჩ-ელ“-ის (DHL) სატვირთო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამომძიებელმა ლიეტუველმა პროკურორებმა დაასკვნეს, რომ ავარია, სავარაუდოდ, პილოტის შეცდომით იყო გამოწვეული. მათ ესპანელი პილოტი ეჭვმიტანილად ცნეს და ესპანეთის ხელისუფლებას მისი დაკითხვა სთხოვეს.

გერმანული კომპანია DHL-ის სატვირთო თვითმფრინავი, ვილნიუსის აეროპორტთან მიახლოებისას, 2024 წლის 25 ნოემბრის ადრიან დილას ჩამოვარდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. ასევე დაზიანდა საცხოვრებელი სახლი.

„ლიეტუვაში ჩატარებული დაკითხვების, შემთხვევის ადგილის დათვალიერების, თვითმფრინავის ფრენის ჩამწერებისა და კაბინის საუბრების ჩანაწერების ანალიზის შემდეგ, ასევე გამოძიების პროცესში მოპოვებული სხვა მონაცემების საფუძველზე, დადგინდა, რომ თვითმფრინავის კატასტროფა, სავარაუდოდ, გამოწვეული იყო ფრთის საკიდების გამშლელი ჰიდრავლიკური სისტემის გაუმართაობით, რამაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოვარდნა გამოიწვია“, - ნათქვამია ლიეტუვას გენერალურის პროკურატურის მიერ ოთხშაბათს, 26 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.

„გამოძიების დროს მოპოვებული მონაცემებით, ავარიის სხვა ვერსიები გამოირიცხა“, - აღნიშნულია ამავე განცხადებაში.

თვითმფრინავში ეკიპაჟის ოთხი წევრი იმყოფებოდა. ერთი მათგანი, 48 წლის ესპანეთის მოქალაქე, დაიღუპა. დანარჩენი სამი - ესპანეთის, გერმანიის და ლიეტუვას მოქალაქეები - დაშავდნენ, თუმცა, გადარჩნენ.

თვითმფრინავი მთლიანად განადგურდა. ჩამოვარდნილმა თვითმფრინავმა დააზიანა საცხოვრებელი შენობის ნაწილი, ახლომდებარე საწყობი, ერთ-ერთ ავტომობილს კი ცეცხლი წაეკიდა. ავიაკატასტროფის ადგილიდან 11 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

წყარო: 1 არხი