ლიეტუველებს თავად გადააქვთ სიგარეტი ბელარუსიდან საჰაერო ბურთებით. რაში არის ბელარუსი დამნაშავე? ვერ ვხვდები, რატომ უნდა დაისაჯოს ვინმე. მათ ფულის შოვნა სურდათ და იშოვეს კიდეც, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ბელარუსიდან და რუსეთიდან ლიეტუვას მიმართულებით საჰაერო ბურთებით კონტრაბანდული სიგარეტის გადატანა გახშირდა.
მისი თქმით, აღნიშნულ საქმიანობაში მოგების მიღების მიზნით თავად ლიეტუველები არიან ჩართული.
„მათმა ხელისუფლებამ ისინი ამ მდგომარეობაში ჩააყენა ნორმალური სავაჭრო ურთიერთობების შეწყვეტით და საზღვარზე ღობის აგებით. ამაში ლიეტუვისა და პოლონეთის ხელისუფლებაა დამნაშავე. რატომ ჩააყენეთ ხალხი ამ მდგომარეობაში? რატომ უბიძგეთ მათ დანაშაულის ჩასადენად?“ – განაცხადა მან.
ლუკაშენკოს თქმით, ბელარუსის მოქალაქეები სრულიად კანონიერად ყიდულობდნენ სიგარეტს ქარხნიდან და გადასცემდნენ მას ბელარუსში ჩასულ ლიეტუველებს, ხოლო ლიეტუვის მოქალაქეები, სავარაუდოდ, „საქონელს ბუშტების გამოყენებით უგზავნიდნენ თანამზრახველებს“.
„ჩვენები ქარხანაში სიგარეტს ხელსაყრელ ფასად ყიდულობენ და ლიეტუველებს ყიდიან. მათ ღობეზე გადაყრა უწევთ. ისინი [სიგარეტებს] ლიეტუვაში კი არა, ნიდერლანდებსა და ინგლისში ყიდდნენ. ამბობენ, რომ იქ სიგარეტი ყველაზე ძვირია. რაში არის ბელარუსი დამნაშავე? ვერ ვხვდები, რატომ უნდა დაისაჯოს ვინმე. მათ ფულის შოვნა სურდათ და იშოვეს კიდეც. ეს სიგარეტები არ მოუპარავთ, მასში ფული გადაიხადეს“, – თქვა ლუკაშენკომ.
ცნობისთვის, 30 ოქტომბრის საღამოს ვილნიუსის აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა მოახლოებული საჰაერო ბურთების გამო.
მოგვიანებით გაირკვა, რომ აეროპორტის დახურვა გამოწვეული იყო სამი საჰაერო ბუშტის გამო, რომლებითაც, გავრცელებული ინფორმაციით, ბელარუსიდან კონტრაბანდულ საქონელი გადაჰქონდათ.