ლიეტუვამ, ესტონეთმა და ლატვიამ თავიანთი ელექტროსისტემები რუსეთის ელექტრო ქსელიდან გამოთიშეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროები ავრცელებენ.

„დღეს ჩვენ რუსეთის ელექტრო ქსელს ვეთიშებით. ეს დამოუკიდებელი ლიეტუვის ელექტროენერგიის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ევროპულ ელექტროსისტემაში ინტეგრაცია ლიეტუვის, ესტონეთისა და ლატვიის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, სტაბილურობასა და საიმედოობას უზრუნველყოფს“, - აცხადებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ბალტიისპირეთის ქვეყნები ევროკავშირის ელექტრო სისტემას ხვალ შეუერთდებიან. გათიშვიდან 24 საათის განმავლობაში სამივე ქვეყანა საკუთარ რეზერვებს გამოიყენებს, ხოლო მეორე დღეს ისინი საბოლოოდ დაუკავშირდებიან ევროპისა და სკანდინავიის ელექტროენერგიის ქსელს.

„დღეს ევროპული ინტეგრაციისთვის კიდევ ერთი ისტორიული დღეა. ესტონეთი, ლიეტუვა და ლატვია რუსეთის ელექტრო ქსელს გამოეთიშნენ“, - აღნიშნავს ესტონეთის საგარეო უწყება.

წყარო: ipn.ge