ლატვიის მეზობელ ბელარუსს, 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ავტორიტარული ლიდერი, ალექსანდრე ლუკაშენკო მართავს. ის ახლახან კიდევ ერთი ვადით „ხელახლა აირჩიეს“ პრეზიდენტად. ეს არჩევნები ბევრმა დაგმო და მას „ფალსიფიცირებული“ უწოდა.
კვლევითი ცენტრი „ნორსტარის“ მიერ ლატვიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან (LSM.lv) თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის დროს, თავისი პოზიცია ლატვიაში მცხოვრებმა 1003-მა პირმა გამოხატა. პასუხები კითხვაზე, თუ როგორ უყურებენ ისინი ლუკაშენკოს, გარკვეულწილად, შეშფოთებას იწვევს.
ეთნიკური ლატვიელების ძირითად ნაწილს ლუკაშენკოს მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვს, მაგრამ რუსებსა და რუსულენოვან მოსახლეობას შორის ლუკაშენკოს იმიჯი უფრო პოზიტიურია.
ასევე არსებობს საზოგადოების გასაოცრად დიდი ნაწილი, რომელსაც უჭირს აზრის ჩამოყალიბება იმ პიროვნების შესახებ, რომელიც პასუხისმგებელია პოლიტიკური ოპონენტების მასობრივ დაპატიმრებებსა და პერიოდულად - სიკვდილზეც. ამასთან, სწორედ ლუკაშენკოს ბრძანებით გაიტაცეს „რიანეარის“ თვითმფრინავი, რათა ერთ-ერთი დისიდენტი დაეკავებინათ და დაიწყო სასტიკი რეპრესიები, როდესაც ბელარუსის საზოგადოებამ მისი გადაყენება სცადა.
კვლევის მიხედვით, რესპონდენტთა 34% ლუკაშენკოს ქმედებებს „უკიდურესად უარყოფითად“ აფასებს, კიდევ 11% - „საკმაოდ უარყოფითად“, ანუ მოსახლეობის 45%-ს ზოგადად არ მოსწონს ეს პერსონა, რაც, თავის მხრივ, ნიშნავს, რომ უმრავლესობას, ამა თუ იმ ხარისხით, განსხვავებული მოსაზრება აქვს.
ლუკაშენკოს ქმედებებს გამოკითხულთა 8% „ძალიან დადებითად“ აფასებს, 13% კი - „საკმაოდ დადებითად“. ამრიგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლატვიის მოსახლეობის 21%, ანუ მეხუთედზე მეტი, დიქტატორის ქმედებებს იწონებს.
არანაკლებ საყურადღებოა ის ფაქტი, რომ გამოკითხულთა მესამედზე მეტმა (34%) განაცხადა, რომ გარკვეული აზრი ლუკაშენკოს შესახებ არ გააჩნია. და ეს შედეგი ფიქსირდება ლუკაშენკოს ტრაბახის ფონზე, რომ სწორედ მან გაგზავნა არალეგალურ მიგრანტთა უზარმაზარი რაოდენობა ლატვიის საზღვართან და ასევე მრავალი სხვა ამაზრზენი ქმედება განახორციელა.
გამოკითხვამ გამოავლინა მნიშვნელოვანი განსხვავებები, თუ როგორ აფასებენ ეთნიკური ლატვიელები ლუკაშენკოს ქმედებებს და როგორია ლატვიაში მცხოვრები რუსი და რუსულენოვანი ადამიანების აზრი.
ეთნიკური ლატვიელების 61% ლუკაშენკოს ქმედებებს „ძალიან უარყოფითად“ ან “საკმაოდ უარყოფითად“ აფასებს, თუმცა, ლატვიელების 10%-საც კი ლუკაშენკოს შესახებ დადებითი შეხედულება აქვს.
იმავდროულად, ლუკაშენკოს შესახებ პოზიტიური აზრი ბევრად უფრო გავრცელებულია რუსებსა და რუსულენოვან მოსახლეობას შორის. ბელარუსის ლიდერის ქმედებებს რუსების 39% და რუსულენოვანთა 38% იწონებს. ამ ჯგუფებში ასევე მაღალია იმ ადამიანების ხვედრითი წილი, ვინც ლუკაშენკოს ქმედებების კონკრეტული შეფასებისგან თავი შეიკავა: შესაბამისად, 44% და 43%.
აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკის კვლევის ცენტრის მკვლევარი, არმანდს ასტუკევიჩუსი მიიჩნევს, რომ დროთა განმავლობაში, ლატვიის საზოგადოების მიერ ლუკაშენკოს შეფასება, მთლიანობაში, უარესობისკენ შეიცვალა.
„ის ფაქტი, რომ ლატვიის საზოგადოების ნაწილი კვლავ დადებითად არის ლუკაშენკოს მიმართ განწყობილი, რამდენიმე მოსაზრებით შეიძლება აიხსნას. ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს არ აქვს ზუსტი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა ხდება ბელარუსში. მითუმეტეს, თუ უგულვებელყოფილია საგარეო პოლიტიკის კონტექსტი - მის მიერ შექმნილი მიგრანტების კრიზისი და რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობა“, - განაცხადა მან.
„კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ ლუკაშენკო, როგორც ბელარუსის ლიდერი, არ არის ისეთი პოლარიზაციის შემომტანი პოლიტიკური ფიგურა, როგორიც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ბელარუსის საკითხი ლატვიელების უმეტესობისთვის მეორეხარისხოვანი გახდა“, - დასძინა მკვლევარმა.
ლატვიის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ლექტორი, ანდის კუდორსი მიიჩნევს, რომ ერთ-ერთი ფაქტორი, რომლითაც ლატვიაში მცხოვრებ რუსებს შორის ლუკაშენკოს დიდი პოპულარობა აიხსნება, შეიძლება იყოს ის, რომ რუსული დეზინფორმაციული არხები 2022 წლამდე ლატვიაში თავისუფლად ხელმისაწვდომი იყო და ამ არხებზე ლუკაშენკოს ყოველთვის პოზიტიურად წარმოაჩენდნენ.
„გასათვალისწინებელია ისიც, რომ ლუკაშენკო საჯაროდ რუსულად საუბრობს და ამან სხვა ქვეყნებში მცხოვრებ რუსებში შეიძლება შექმნას გარკვეული წარმოდგენა მასზე, როგორც „თავისიანზე“. მართალია, ლატვიელებზე ეს ფაქტორი არ მუშაობს, მაგრამ მტკიცე ხელი მათ გარკვეულ რაოდენობასაც ასევე სწყურია“, - აღიარებს კუდორსი.
მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ გამოკითხულთა 34%-ს არ აქვს საკუთარი აზრი, ნაწილობრივ შეიძლება შეფასდეს, როგორც მათი ნამდვილი პოზიციის დამალვა, იმის გაცნობიერებით, რომ დიქტატორის მხარდაჭერა არ არის ლატვიაში გაბატონებული მეინსტრიმი, განსაკუთრებით 2020 წელს ბელარუსში რევოლუციის მოხდენის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ.
წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი