სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის კომპანიების გამგეობების და სამეთვალყურეო საბჭოების წევრთა ანაზღაურება ორი წლით გაიყინება. ამას ლატვიის პარლამენტის მიერ ხუთშაბათს, 14 ნოემბერს, „საჯარო კომპანიების აქციების და კაპიტალის მართვის შესახებ“ კანონში საბოლოო მოსმენით შეტანილი ცვლილებები ითვალისწინებს.

კანონპროექტი პარლამენტმა ერთხმად მიიღო - მას 79-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი არავინ იყო და თავი არავინ შეიკავა.

ლატვიის პარლამენტის პრეს-სამსახურის ცნობით, საკანონმდებლო ცვლილებები დროებით აჩერებს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის კომპანიების გამგეობების და სამეთვალყურეო საბჭოების წევრებისა ანაზღაურების ზრდას და ადგენს, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში (2025 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრამდე) ის არ შეიძლება აღემატებოდეს ცვლილებების ძალაში შესვლის მომენტისთვის დადგენილი ანაზღაურების ოდენობას.

გარდა ამისა, სახელმწიფო კორპორაციები კლასიფიცირებული უნდა იყოს არა მხოლოდ ზომის, თანამშრომლების რაოდენობის, მთლიანი ბალანსისა და წლიური ბრუნვის, არამედ დაფინანსების წყაროებისა და საქმიანობის ტიპის მიხედვითაც. ამასთან, მთავრობამ მომავალი წლის 1 მაისამდე უნდა გამოსცეს შესაბამისი რეგულაციები და შექმნას ახალი სისტემა სახელმწიფო და ადგილობრივი სახელმწიფო კაპიტალის მქონე კომპანიების ეფექტური მართვის უზრუნველსაყოფად.

ცვლილებები გამოცხადებიდან მეორე დღეს შევა ძალაში.

წყარო: 1 არხი