დაუშვას თუ აკრძალოს რუსული და ბელარუსული საქონელის რეალიზება ლატვიაში? 10 აპრილს, დეპუტატებმა შესაბამის საპარლამენტო კომიტეტს ოპოზიციური „ეროვნული ალიანსის“ მიერ მომზადებული კანონპროექტი წარუდგინეს, რომელიც რუსეთსა და ბელარუსში წარმოებული ყველა სახის საქონლით ვაჭრობის აკრძალვას ითვალისწინებს. საკანონმდებლო ორგანოს მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ის, სავარაუდოდ, 1 ივლისიდან ამოქმედდება.

ოპოზიციის შეთავაზების მიმართ პარლამენტში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს

კანონპროექტისთვის მხარდაჭერის მოწოდებით გამოსვლისას, ოპოზიციური „ეროვნული ალიანსის“ წევრმა, იანის ვიტენბერგსმა აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან სამი წლის შემდეგაც კი, ლატვიაში ჯერ კიდევ ბევრია ისეთი კომპანია, რომლებიც რუსეთისა და ბელარუსის კომპანიებთან თანამშრომლობას აგრძელებენ. მისი თქმით, რუსეთიდან საქონლის იმპორტს ამჟამად 40 კომპანია ახორციელებს, ბელარუსიდან კი - 28.

„აბსურდული სიტუაციაა, როდესაც ლატვიელები, ადგილობრივი წარმოების საქონლისთვის პრიორიტეტის არმინიჭებით, ამით აგრესორი ქვეყნების ეკონომიკას აძლიერებენ და ომის მანქანას კვებავენ. არადა, ჩვენ შეგვიძლია, ყველაფერი თვითონ ვაწარმოოთ, ბევრად უკეთესი ხარისხის პროდუქცია ჩვენს ქვეყანაში დავამზადოთ. რა სიგნალს ვუგზავნით იმ ვაჭრებს, კომპანიებს, მაღაზიის ქსელებს, რომლებმაც რუსეთში და ბელარუსში დამზადებული პროდუქტების თავიანთ მაღაზიებში გაყიდვაზე თავიდანვე თქვეს უარი? მადლობა მათ ამის გაკეთებისთვის. რა სიგნალს ვუგზავნით ჩვენს მწარმოებლებს, რომლებსაც ამჟამად თავის გატანა უჭირთ, რადგან თაროებზე აგრესორი ქვეყნების პროდუქტები აწყვია“, - განაცხადა ვიტენბერგსმა.

სხვა ოპოზიციური პარტიის, „სტაბილურობა!“-ს ლიდერმა, ალექსეის როსლიკოვსმა „ეროვნული ალიანსის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი გააკრიტიკა და ხაზი გაუსვა, რომ „ალიანსის“ დეპუტატები ბიზნესში არ არიან ჩართულნი და, შესაბამისად, არ იციან, რა შეიძლება მოჰყვეს მათი ინიციატივის მხარდაჭერას. როსლიკოვსმა ასევე აღნიშნა, რომ აგრესორ ქვეყნებში წარმოებული საქონლით ვაჭრობის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ ევროკავშირსაც არ მიუღია.

„ამ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, აკრძალური საქონელი ლატვიაში პირდაპირ ვერ გაიყიდება, მაგრამ გაიყიდება შუამავლების მეშვეობით. ვიღაც შექმნის კომპანიას სხვა მეზობელ ქვეყანაში და იგივე პროდუქტებს უპრობლემოდ შემოიტანს ჩვენთან, მაგრამ ორჯერ მაღალი ფასით. შეძლებთ თქვენი ხელფასით მათ შეძენას? ჩვეულებრივი ადამიანები ვერ შეძლებენ. რას მივაღწევთ ამით? ვერაფერს. ეჭვი მეპარება, რომ როცა ამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, ნახევარი საათის შემდეგ ვლადიმერ პუტინი ტირილს დაიწყებს. მას არ აინტერესებს, თქვენ აქ რა გადაწყვეტილებებსს იღებთ. მისთვის ეს არაფერს ნიშნავს. ხალხის კეთილდღეობა კი დაბალ ფასებზეა დამოკიდებული. ასე რომ, ამ კანონპროექტის მხარდაჭერით, თქვენ კიდევ ერთხელ მიიღებთ გადაწყვეტილებას ლატვიელი ხალხის წინააღმდეგ“, - განაცხადა როსლიკოვსმა.

„რუსეთთან და ბელარუსთან ვაჭრობა ბალტიის ყველა ქვეყანაში უნდა აიკრძალოს“

2024 წლის მარტიდან, ლატვიაში მოქმედებს სასოფლო-სამეურნეო და საკვები პროდუქტების რუსეთიდან და ბელარუსიდან იმპორტის აკრძალვა, რომელიც ვრცელდება ისეთ პროდუქციაზე, როგორიცაა ბოსტნეული, ხილი, მარცვლეული და შინაური საქონლის საკვები. ამ თვეში ეს აკრძალვა გახანგრძლივდა და 2026 წლის 1 ივლისამდე მოქმედებს.

თუმცა, ლატვიის მაღაზიებში დღემდე შეგიძლიათ ნახოთ ორივე ქვეყანაში წარმოებული ზემოთ ჩამოთვლილი საქონელი.

„ეროვნული ალიანსის“ მიერ შეთავაზებული კანონპროექტი მოუწოდებს პრემიერ-მინისტრს, მიიღოს ზომები რუსეთსა და ბელარუსში წარმოებული საქონლის ლატვიაში მთლიანად აკრძალვის განსახორციელებლად და, მან (პრემიერ-მინისტრმა) მსგავს აკრძალვას, ლიეტუვასა და ესტონეთის ხელისუფლებებთან თანამშრომლობის გზით, მთელ ბალტიისპირეთშიც მიაღწიოს. „ეროვნული ალიანსი“ ქვეყნის პრემიერ-მინისტრისგან ასევე მოითხოვს, რომ ხელი შეუწყოს ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის საბჭომ, ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე, მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს საბაჟო გადასახადები რუსულ და ბელარუსულ საქონელზე. „ალიანსი“ ასევე აცხადებს, რომ წამყვანმა ლატვიურმა სამეწარმეო და ფერმერულმა ორგანიზაციებმა ამ ნაბიჯს მხარი დაუჭირეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ლატვიის ბაზარზე რუსული და ბელარუსული პროდუქციის არსებობა მიუღებელია როგორც ეკონომიკური, ისე ეთიკური თვალსაზრისით.

მოვაჭრეები: რუსული და ბელარუსული საქონლის რაოდენობა მცირეა,მათი ჩანაცვლება პრობლემა არ იქნება

ლატვიის სავაჭრო და სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი, იანის ენძინსი ამბობს, რომ მსხვილი საცალო ქსელებისთვის რუსულ და ბელარუსულ საქონლელზე უარის თქმა პრობლემას არ წარმოადგენს. ეს საქონელი უფრო პატარა მაღაზიებშია ხელმისაწვდომი, სადაც საქონელბრუნვა ისეთი მასშტაბის არ არის, რომ სხვა პროდუქტებით მათი ჩანაცვლება შეუძლებელი იყოს.

„ეს სწორი ნაბიჯი იქნება, რადგან ის, რასაც რუსეთი უკრაინაში აკეთებს, უბრალოდ, სიგიჟეა. მე ვფიქრობ, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება არის ყველაზე მცირედი, რისი ერთად გაკეთებაც შეგვიძლია“, - აღნიშნა ენძინსმა.

ლატვიის სასურსათო ასოციაციათა აღმასრულებელი დირექტორმა, ნორის კრუზიტისმაც მსგავსი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ამ ქვეყნებიდან (რუსეთიდან და ბელარუსიდან) შემოტანილი და ლატვიის დახლებზე განთავსებული პროდუქტების რაოდენობა უმნიშვნელოა.

„ჩვენ არ გვაქვს დიდი რაოდენობის ასეთი საქონელი. თუ დიდ ქსელებს გადავხედავთ, ისინი ამ პროდუქტებს, უკვე რამდენიმე წელია, აღარ ყიდიან. ძირითადი ქსელები ასეთი საქონლის იმპორტს, პრაქტიკულად, არ ახდენენ, ამას ინდივიდუალური მოვაჭრეები აკეთებენ. აქამდე ეს აკრძალული არ იყო. თუ მომავალში ასე მოხდება, მაშინ ასეთი საქონელი არ გაიყიდება. ჩვენ არ ვდგავართ იმ საჭიროების წინაშე, რომ ამა თუ იმ პროდუქტის [რუსეთიდან და ბელარუსიდან] შემოტანა კრიტიკულად აუცილებელია, რადგან ლატვიელი მწარმოებლებისგან და ევროკავშირისგან პრაქტიკულად ყველა პროდუქტის შეძენა შეიძლება“, - დასძინა კრუზიტისმა.

ეკონომიკის სამინისტრო: რუსეთიდან და ბელარუსიდან იმპორტი კვლავ მცირდება

ლატვიის ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, რუსეთიდან და ბელარუსიდან იმპორტი კვლავ მცირდება. 2025 წლის თებერვალში, გასული წლის ამავე თვესთან შედარებით, რუსეთიდან საქონლის იმპორტი თითქმის 76%-ით შემცირდა, ხოლო ბელარუსიდან - დაახლოებით 41%-ით. ეს მნიშვნელოვანი ვარდნაა. თუმცა, ვაჭრობა მთლიანად არ შეჩერებულა: თებერვალში რუსეთიდან ლატვიაში 13 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების საქონელი შემოვიდა, ხოლო ბელარუსიდან - დაახლოებით 9 მილიონი ევროს ღირებულების.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საკითხებში, ედიის შაიკანსმა აღნიშნა, რომ მის უწყებაში კანონპროექტს დეტალურად შეისწავლიან. მისივე განმარტებით, წარსულშიც იყო რუსული და ბელარუსული საქონლის იმპორტის შეზღუდვის მცდელობები, მაგრამ ამით მათი გაყიდვა მხოლოდ ლატვიაში აიკრძალებოდა, ანუ, საქონელი ლატვიის საზღვარს გადაკვეთდა, მაგრამ ქვეყნის თაროებზე ვერ მოხვდებოდა.

შაიკანსის თქმით, უნდა შეფასდეს, შეესაბამება თუ არა ასეთი გადაწყვეტილება ევროკავშირის შიდა ბაზრის წესებს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ აკრძალვის მონიტორინგს დამატებითი რესურსები დასჭირდება. მაგალითად, მართალია, სასაზღვრო კონტროლი არ იარსებებს, მაგრამ სურსათისა და ვეტერინარიის სამსახურს ან სხვა ორგანოს უფლება ექნება, შეამოწმოს, იყიდება თუ არა ასეთი საქონელი ლატვიაში, რისი პრაქტიკული განხორციელებაც მეტად რთული იქნება.

წყარო: 1 არხი