კვიპროსში ამოქმედდა ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც ძაღლის პატრონი 100 ევროთი დაჯარიმდება, თუ გასეირნების დროს ცხოველის მიერ დატოვებულ ექსკრემენტს ქუჩაში, პარკში ან სხვა საჯარო სივრცეში არ აიღებს და არ გაასუფთავებს.
ახალი წესის თანახმად, ძაღლის გამსეირნებელ პირს თან აუცილებლად უნდა ჰქონდეს სპეციალური პაკეტი ან სხვა საშუალება ნარჩენის ასაღებად. მისი არქონაც სამართალდარღვევად ჩაითვლება.
კანონი ასევე ავალდებულებს პატრონებს, რომ ორ თვეზე მეტი ასაკის ყველა ძაღლი ოფიციალურად იყოს რეგისტრირებული. გასეირნების დროს ცხოველი უნდა იყოს საბელით, ხოლო საყელოზე მითითებული უნდა ჰქონდეს პატრონის საკონტაქტო ინფორმაცია.
ხელისუფლების განმარტებით, ცვლილებების მიზანია ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების სისუფთავის დაცვა, სანიტარული პირობების გაუმჯობესება და პასუხისმგებლიანი მფლობელობის წახალისება.