მარცვლეულის გარიგებიდან რუსეთის გასვლის შესახებ კრემლის განცხადებამ ხორბლის ბაზრებზე გაურკვევლობა გაამძაფრა - ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს. გამოცემის ცნობით, რუსეთის განცხადებისთანავე, ჩიკაგოს ბირჟებზე ხორბლის საორიენტაციო ფასი 4,2%-ით გაიზარდა.
2022 წლის ივლისში ხელმოწერის შემდეგ შეთანხმება უზრუნველყოფდა თითქმის 33 მილიონი ტონა მოსავლის შავი ზღვის გავლით უსაფრთხო ტრანსპორტირებას, რამაც მსოფლიო ბაზარზე სასურსათო საქონელზე ფასების შემსუბუქებას შეუწყო ხელი.
ორშაბათს 17 ივლისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ აღნიშნა, რომ რუსეთმა მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილება ოფიციალურად აცნობა, თურქეთს, უკრაინას და გაეროს სამდივნოს, მისივე თქმით უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება განცხადება, სადაც რუსეთის პოზიციები დეტალურად იქნება განმარტებული.
უკრაინიდან მარცვლეულის გლობალურ ბაზრებზე ექსპორტის უზრუნველსაყოფად „მარცვლეულის გარიგება“ თურქეთის ძალისხმევით შედგა. ინიციატივა პირადად პრეზიდენტ ერდოღანს ეკუთვნოდა.