უკრაინა არასდროს აღიარებს საკუთარი ტერიტორიების ანექსიას, რომლებიც ამჟამად რუსეთს აქვს ოკუპირებული, თუნდაც ეს აუცილებელი იყოს სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლონდონში გამართული ევროპელი ლიდერების სამიტის შემდეგ ბრიტანელ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის მიერ დაკავებულ უკრაინის ტერიტორიებს კიევი ყოველთვის ჩათვლის „დროებით ოკუპირებულად”, თუნდაც ქვეყანას ახლა არ ჰყავდეს საკმარისი სამხედრო ძალა, რომ სრულად განდევნოს რუსეთი.

„ჩვენი ტერიტორიები და ღირებულებები არ იყიდება. ჩვენი თავისუფლება არ იყიდება. ჩვენ დიდ საფასურს ვიხდით იმისთვის, რაშიც რუსეთმა ჩაგვითრია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინა ცეცხლის შეწყვეტას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ მას უსაფრთხოების სანდო გარანტიებს მისცემენ. მან იმედი გამოთქვა, რომ ასეთი გარანტიები რუსეთს აღარ მისცემს შესაძლებლობას, უკრაინაში ახალ სამხედრო მოქმედებები წამოიწყოს, ან თუ მოსკოვი მაინც გააკეთებს ამას, რუსეთი მკაცრ პასუხს მიიღებს უკრაინისა და მისი მოკავშირეების მხრიდან.

1tv.ge