აშშ-ის “რესპუბლიკელი” კონგრესმენი, ჯო უილსონი წარმომადგენელთა პალატაში განსახილველად შეიტანს კანონპროექტს, რომელიც დონალდ ტრამპის გამოსახულებით 250-დოლარიანი ნომინალის კუპიურის შემოღებას ითვალისწინებს.
უილსონმა სოციალურ ქსელ X-ის გვერდზე ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული კუპიურის დიზაინი გამოქვეყნა.
კონგრესმენი წერს, რომ ბაიდენის პრეზიდენტობის დროს არსებულმა ინფლაციამ ეკონომიკა გაანადგურა, “როცა ამერიკელი ოჯახები აიძულა, მეტი ნაღდი ფული ჰქონოდათ თან.”
უილსონის შეფასებით, ახალი 250-დოლარიანი იქნება “ყველაზე ძვირფასი კუპიურა ყველაზე ძვირფასი პრეზიდენტისთვის!”
როგორც The New York Post წერს, კანონპროექტი ეწინააღმდეგება 1866 წლიდან მოქმედ კანონს, რომელიც ამერიკულ ფულზე ნებისმიერი ცოცხალი ადამიანის პორტრეტის გამოსახვას კრძალავს.
ამის გარდა, აშშ-ში უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია, მიმოქცევაში აღარ არის 100-დოლარიანზე მეტი ნომინალის კუპიურები მათი არაპოპულარობის გამო.