2001 წლის 11 სექტემბერს ნიუ-იორკში მომხდარ საშინელ ტერორისტულ თავდასხმაზე „ჯენზის“ (Z თაობა) ნაკლები ემოცია აქვს და ოდესღაც ტაბუდადებულ თემაზე მიმებს და ხუმრობებს ქმნის.

ზოგიერთი მათგანი ამ მოვლენების დროს დაბადებულიც არ იყო, სხვები კი არაუმეტეს ოთხი წლისანი იყვნენ. 1997-2012 წლებში დაბადებული ადამიანებისთვის 11 სექტემბრის თავდასხმა მხოლოდ ბუნდოვანი მოგონება და ეპიზოდია იმ ისტორიიდან, რომელიც მშობლებმა უამბეს, სკოლის სახელმძღვანელოს ერთ-ერთი თავი და ფილმის სცენარია. ბუნებრივია, ამ ტრაგედიასთან დაკავშირებული ემოციები მათთვის ისეთივე არ არის, როგორც წინა თაობებისთვის.

ჟურნალ „როლინგ სტოუნის“ ცნობით, ახალგაზრდა ამერიკელები სულ უფრო ხშირად ბედავენ, რომ 11 სექტემბრის ტრაგედია ინტერნეტში მიმებად და ხუმრობის თემად აქციონ. X (ყოფილი „ტვიტერი“) პლატფორმებზე ამას უამრავი ანგარიში (Account) ეძღვნება. პრეზიდენტ ჯორჯ ბუში-უმცროსის ცნობილი ფოტო, რომელიც მაშინ არის გადაღებული, როდესაც ეს საშინელი ამბავი გაიგო, ახლა პოპ-კულტურაში გამოიყენება, როგორიცაა დრეიკისა და კენდრიკ ლამარის შეჯახება. თემაზე, „ეს იყო ჩემი 11 სექტემბერი“ შექმნილმა მსგავსმა ირონიულმა მასალებმა ინტერნეტი უკვე წალეკა.

რაც დრო გადის...

ამ ამბიდან ორ ათწლეულზე მეტი ხნის გასვლის შემდეგ, ტრაგედიით გამოწვეული ტკივილი თანდათან ქრება. ზოგიერთ თავს უფლებას აძლევს, ამ საკითხზე იხუმროს კიდეც, თუმცა - ერთგვარი პატივისცემით. „არსებობს გარკვეული პერიოდი, როდესაც ადამიანებს საერთოდ არ სურთ, რომ ამაზე იცინოდნენ და ხუმრობდნენ, რადგან ისინი ჯერ ისევ ტრავმირებულები არიან. მაგრამ ასეთი პერიოდი არც ისე ხანგრძლივია. ადამიანთა უმეტესობა ტრაგიკულ მოვლენებზე მოგონებებს იმაზე სწრაფად ივიწყებს, ვიდრე ჩვენ გვგონია“, - ამბობს კოლუმბიის უნივერსიტეტის კლინიკური ფსიქოლოგიის პროფესორი, ჯორჯ ბონანო „როლინგ სტოუნთან“ ინტერვიუში.

კომიკოსები ყოველთვის ცდილობდნენ, 11 სექტემბრის ტრაგედია ტაბუდადებული თემა არ ყოფილიყო. იუმორი 11 სექტემბრის თემაზე იყო რისკი, რომელზე წასვლაც ღირდა. ტერაქტების განხორციელებიდან სულ რაღაც ერთი თვის შემდეგ, სატირული ტელესერიალი „სამხრეთის პარკი“ ამ თემას გაბედულად და უყოყმანოდ შეეხო.

„რაც უფრო შორს არის რაღაც, რაც უფრო ნაკლებია მისგან მომდინარე საფრთხე, სულ უფრო ადვილია მისი კეთილთვისებიანად აღქმა. დროთა განმავლობაში, სულ უფრო ადვილი ხდება ხუმრობა საშინელ მოვლენებზე, მათ შორის 11 სექტემბრის ტრაგედიაზე“, - ამბობს არიზონას უნივერსიტეტის მარკეტინგის მკვლევარი, კალებ უორენი იმავე „როლინგ სტოუნთან“ ინტერვიუში. ამერიკული ჟურნალი აღნიშნავს, რომ ინტერნეტში მსგავს მოვლენებზე სიცილი ხშირ და ჩვეულებრივ ამბად იქცა. ამ თემაზე შექმნილი მიმები ინტერნეტის მომხმარებლების მიერ პირდაპირ აღიქმება, როგორც რაღაც ირონიული ამბავი. ასე რომ, ჩვენ არ ვიცით, მომავალში კიდევ რას უნდა ველოდოთ.

წყარო: 1 არხი - საზოგადოებრივი მაუწყებელი