იტალიის მთავარი სარკინიგზო გადამზიდავი, Trenitalia ბატარეაზე მომუშავე 135 მატარებელს გამოუშვებს. ისინი მარშრუტებზე გადაადგილებას ავტონომიურად, ანუ დიზელის და ელექტროენერგიის გამოყენების გარეშე შეძლებენ. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.
ეს მატარებლები ნახშირბადის გამოყოფასა და საწვავის მოხმარებას, სტანდარტულ მოდელებთან შედარებით, 50%-ით შეამცირებს. ამასთან, მათი კორპუსი და შიგთავსი 93%-ით გადამუშავებადი მასალისგან არის დამზადებული.
მატარებლები 160 კმ/სთ-ის მაქსიმალურ სიჩქარეზე არის გათვლილი, ხოლო ბატარეებით დამატებით 15 კილომეტრის გავლა შეუძლიათ. სწორედ ამიტომ მუშაობის პირველ ეტაპზე ისინი ბატარეის ენერგიაზე მხოლოდ ქალაქებთან მიახლოებისა და მათში მოძრაობის დროს გადაერთვებიან. თუმცა Trenitalia აცხადებს, რომ 2030 წლისთვის ბატარეები გაუმჯობესდება და მათი სვლის მარაგი 100 კილომეტრამდე გაიზრდება.
ცნობისთვის: გერმანიაში პირველი წყალბადის სარკინიგზო ხაზი ერთი წლის წინ, აგვისტოში გაიხსნა. მას შემდეგ ეკოლოგიურად სუფთა 14 წყალბადის მატარებელი ქალაქებს, კუქსჰავენს, ბრემერჰავენს, ბრემერვერდესა და ბუქსტეჰუდეს ემსახურება. მატარებლები ფრანგულმა კომპანია Alstom-მა შეიმუშავა. მათი სვლის მარაგი ათას კილომეტრს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეში მხოლოდ ერთხელ სჭირდებათ საწვავით შევსება. ამჟამად გერმანიაში დიზელის ლოკომოტივები სარკინიგზო ქსელის მხოლოდ 20%-ს ემსახურება. მსოფლიოში პირველი წყალბადის მატარებელი, Coradia iLint გერმანიაში 2018 წლიდან დადის.