შვიდსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გაცვლის შეთანხმება დაამტკიცა. გადაწყვეტილება ძალაში 19 იანვრიდან, 06:30 საათიდან შევა.
ისრაელს, ჰამასსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარე კვირის დასაწყისში, კატარში გაიმართა, მხარეები კი ღაზას სექტორში საომარი ოპერაციების შეწყვეტაზე დათანხმდნენ.
როგორც კაბინეტის შეხვედრაზე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, მან გარანტიები მიიღო როგორც ბაიდენის, ასევე ტრამპის ადმინისტრაციისგან, რომ იმ შემთხვევაში, თუ ცეცხლის შეწყვეტის მეორე ფაზა ჩავარდება ან ისრაელის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ნეთანიაჰუ ღაზას სექტორში ახალ ომს აშშ-ის მხარდაჭერით წამოიწყებს.
გადაწყვეტილების საბოლოო იმპლემენტაციამდე კი ისრაელის კოალიციური მთავრობის თანხმობა იყო საჭირო.
შეთანხმებას მხარი ისრაელის კოალიციური მთავრობის 28 მინისტრმა დაუჭირა, 8 კი მოწინააღმდეგე იყო. მათი ნაწილი პალესტინაში ომის გაგრძელების მომხრეა და, ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში, თანამდებობიდან გადადგომას აანონსებს.
ცეცხლის შეწყვეტის პირველ ეტაპებზე, ათასობით პალესტინელი, რომლებსაც ღაზას სექტორის იძულებით დატოვება მოუწიათ, მშობლიურ სახლებს დაუბრუნდებიან.
მეორე და მესამე ეტაპზე მხარეები შეთანხმებას პირველი ფაზის განმავლობაში მიაღწევენ
460-დღიან კონფლიქტს, რომელიც შუა აღმოსავლეთში 2023 წლის ოქტომბერში დაიწყო, ამ დრომდე 47 000 პალესტინელი და 1 200 ისრაელელი ემსხვერპლა.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სამფაზიან გეგმას მოიცავს. პირველი ფაზის ფარგლებში, რომელიც 6 კვირას გაგრძელდება, ჰამასი და ისრაელი ტყვეებსა და პატიმრებს გაცვლიან. 98 ისრაელელი ტყვეს სანაცვლოდ, ისრაელი თითქმის 2000 პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს.
რაც შეეხება, მძევლების თემას, ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პირველი ფაზის დროს ისრაელის ციხეებიდან გათავისუფლდება 737 პალესტინელი პატიმარი, ასევე ღაზას 1 167 მცხოვრები, რომლებიც არ იყვნენ ჩართულნი 7 ოქტომბრის თავდასხმაში. „ჰამასი“ კი ისრაელს 33 მძევალს გადასცემს.
ისრაელის მთავრობის ცნობით, ისრაელის იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სიაში არის 737 პატიმარი და უსაფრთხოების მოსაზრებებით დაკავებული პირი.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, მათ შორის არიან ტერორისტები, რომლებიც იხდიან სასჯელს მკვლელობებისთვის, ასევე არიან „ჰამასის“, „ფატჰისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ მოძრაობების წევრები. გარდა ამისა, ისრაელი გაათავისუფლებს ღაზის სექტორის 1 167 მცხოვრებს, რომლებიც დააკავეს საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, ისინი არ იყვნენ ჩართულნი „ჰამასის“ მიერ 2023 წლის 7 ოქტომბერს განხორციელებულ თავდასხმაში.
სანაცვლოდ, „ჰამასმა“ საბრძოლო მოქმედებებში ექვსკვირიანი პაუზის დროს, რომელიც 19 იანვრის დილით დაიწყება, ღაზას სექტორში დაკავებული 98 ისრაელელი მძევლიდან 33 უნდა გაათავისუფლოს.
ისრაელის ხელისუფლება თვლის, რომ ეს მძევლები ჯერ კიდევ ცოცხლები არიან, პალესტინურ დაჯგუფებასთან დაახლოებული წყაროების ცნობით, პირველად გაათავისუფლებენ სამ ისრაელელ ქალს. მოსალოდნელია, რომ 19 იანვრის საღამოს პირველი მძევლები გადაეცემიან წითელ ჯვარს და ეგვიპტისა და კატარის სამაშველო ბრიგადებს. შემდეგ გათავისუფლებული ტყვეები გადაიყვანენ ეგვიპტეში და გადასცემენ ისრაელის მხარეს, რომელიც უზრუნველყოფს მათ სამედიცინო გამოკვლევას.