სააქციო საზოგადოება „რეალ ინვესტი“ ისნის ტერიტორიაზე, ქეთევან წამებულის N71-ში მრავალფუნქციური პროექტის განხორციელებას გეგმავს. გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის წარდგენილი დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ საპროექტო ტერიტორიაზე ამჟამად ე.წ „ისნის დაშლილების ბაზრობაა” მოწყობილი.
ამ დროისთვის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) პროცედურა მიმდინარეობს. როგორც „რეალ ინვესტი“ სააგენტოსთვის წარდგენილი დოკუმენტებში აღნიშნავს, განაშენიანებისთვის ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაცია ჯერჯერობით დამტკიცებული არ არის, მაგრამ კომპანიის მიერ ტერიტორიის სამშენებლოდ განვითარების მიზნით დაწყებულია განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროცედურა თბილისის მერიის შესაბამის უფლებამოსილ ორგანოში.
ამავე დოკუმენტების მიხედვით, პროექტის განხორციელება დაგეგმილია კომპანიის საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, რომლის ჯამური ფართობიც 17.5 ჰექტარია.
„წარმოდგენილი მიწის ნაკვეთები წლების განმავლობაში იმყოფება სხვადასხვა მოიჯარეების სარგებლობაში და მასზე მოწყობილია ე.წ „ისნის დაშლილების ბაზრობა“, რომელიც მოიცავს ავტომობილების სათადარიგო ნაწილებითა და ფერადი ლითონებით სავაჭრო, ავტოტექმომსახურებისა და მსგავსი ტიპის ობიექტებს.
გამომდინარე იქიდან, რომ დედაქალაქში გაიზარდა მოთხოვნა საცხოვრებელ ბინებზე და განსაკუთრებით ისეთი ტიპის დასახლებებზე, რომელიც ინტეგრირებული იქნება გარემოსთან და უზრუნველყოფილი იქნება ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით, დედაქალაქის საზღვრებში არსებული 17.5 ჰა ფართობის მქონე ტერიტორიის გამოყენება არსებული საქმიანობის გაგრძელების მიზნით არ არის რელევანტური.
პროექტის ფარგლებში კომპანიის მიერ დაგეგმილია საპროექტო ტერიტორიის გამოყენება უფრო ღირებული მიზნებისთვის, როგორიცაა ახალი და განსხვავებული კონცეფციის მქონე საცხოვრებელი უბნის შექმნა, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე ინფრასტრუქტურით, გამწვანებული და მოსასვენებელი, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი სივრცეებით”, - ვკითხულობთ დოკუმენტებში.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ე.წ „ისნის დაშლილების ბაზრობის” ტერიტორია გაცემულია იჯარით. დღეის მდგომარეობით, მოიჯარეების გარკვეულ ნაწილთან სახელშეკრულებო ურთიერთობა დასრულებულია. ამასთან, დოკუმენტების მიხედვით, მოიჯარეების გარკვეულ ნაწილთან კვლავ ძალაშია ხელშეკრულებები, რომელთა შეწყვეტაც ეტაპობრივად, პროექტის განვითარების შესაბამისად განხორციელდება.
„ამ ეტაპზე, კომპანია არ გეგმავს საიჯარო ურთიერთობის დასრულებას. ვინაიდან, საპროექტო ტერიტორია მოიცავს 17.5 ჰა-ს და სამშენებლო სამუშაოების განხორციელება იგეგმება რამდენიმე ეტაპად. არსებული კონცეფციის შესაბამისად, სამშენებლო სამუშაოები დაიწყება საპროექტო ტერიტორიის სამხრეთ ნაწილიდან, ხოლო მოიჯარეებთან სახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულება და ტერიტორიის ჩრდილოეთ ნაწილში, ქეთევან დედოფლის გამზირის მხარეს სამშენებლო სამუშაოების განხორციელება მოხდება პროექტის დასკვნით ეტაპზე“, - აღნიშნულია სააგენტოსთვის წარდგენილ დოკუმენტებში.

რის მშენებლობას ითვალისწინებს პროექტი?
პროექტის ფარგლებში შემუშავებული კონცეფცია ითვალისწინებს ახალი საცხოვრებელი უბნის შექმნას. ადგილზე იგეგმება საცხოვრებელი სივრცეების, სავაჭრო და საოფისე ფართების, სპორტულ დარბაზის, სასურსათო მაღაზიების, აფთიაქების, ფინანსური მომსახურების ობიექტების, საბავშვო ბაღისა და სკოლის მოწყობა.
„ტერიტორიის მთავარ შესასვლელში, ქეთევან წამებულის გამზირის გასწვრივ დაგეგმილია სავაჭრო ცენტრის („მოლის“) განთავსება. აღნიშნულ სავაჭრო ცენტრს ასევე ექნება საოფისე მაღლივი შენობები. ტერიტორიის ცენტრალურ დასავლეთ ნაწილში დაგეგმილია სკოლის და საბავშვო ბაღის განთავსება.”
პროექტის მიხედვით, ძირითადად შენობები 12-25 სართულის ფარგლებში იქნება, თუმცა რიგ შემთხვევაში დაგეგმილია 40 მიწისზედა სართულის მქონე შენობის აშენებაც.
„ტერიტორიას ცენტრალურ ნაწილში გადაკვეთს ცენტრალური გამზირი, რომელიც დაუკავშირდება უშანგი სოფრომიძის ქუჩას, სამომავლო განვითარების მიზნით“, - აღნიშნულია დოკუმენტაციაში.
რაც შეეხება განაშენიანების პროექტისთვის განსაზღვრულ ვადებს, ტერიტორიის სრული განვითარება დაგეგმილია 7-დან 12 წლამდე პერიოდში.
ინფორმაციისთვის,2024 წლის ბოლო ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, სააქციო საზოგადოება „რეალ ინვესტის“ მფლობელი Georgian investments limited-ია. სს-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ილია კოკაიაა, წევრები კი გიორგი კაპანაძე და ნიკოლოზ ჩიქოვანი არიან.
