უკრაინის ვიცე პრემიერმა და ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრმა ირინა ვერეშჩუკმა ვარშავა ქვეყნის ეკონომიკის მძევლად აყვანაში დაადანაშაულა, რაც პოლონეთთან საზღვარზე გამშვები პუნქტის გადაკეტვის გამო, მილიარდობით ზარალში გამოიხატება. პოლიტიკოსმა ამის შესახებ ტელეგრამის არხზე დაწერა.
„ერთი თვეა, რაც პოლონეთის საზღვარზე ბლოკადაა. ამას მილიარდობით ზარალი მოაქვს ჩვენი ეკონომიკისთვის. ვერც პოლონეთის ხელისუფლება და ვერც ევროკავშირი ვერაფერს გააკეთებენ? არ უნდათ?“, - აღნიშნა ვერეშჩუკმა.
ვიცე პრემიერის თქმით, პოლონელებს პრეტენზია აქვთ არა იმდენად უკრაინის, არამედ ევროკავშირის მიმართ.
„პოლონელები ბლოკავენ არა იმდენად ჩვენს საზღვარს პოლონეთთან, რამდენადაც ჩვენს საზღვარს ევროკავშირთან. მაგრამ პოლონელებმა მძევლად აიყვანეს უკრაინის ეკონომიკა. იმ დროს, როდესაც ჩვენ ძალიან დაუცველები ვართ და ყველა გრივნას ვითვლით ჯარისა და სოციალური გადასახადებისთვის“, - აღნიშნავს ვერეშჩუკი.
მისი აზრით, დროა უკრაინის პარტნიორებმა მიიღონ „პოლიტიკური გადაწყვეტილება უკრაინის წინააღმდეგ ამ სამარცხვინო ეკონომიკურ ბლოკადასთან დაკავშირებით“.
ვიცე-პრემიერს ასევე გამოთქვამს გაკვირვებას, როგორ აპირებდნენ უკრაინა, აშშ, ევროკავშირი, ნატო და პოლონეთი რუსების წინააღმდეგობის დაძლევას, როცა საზღვარზე სატვირთო მანქანებს ვერ უმკლავდებოდნენ.