აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან დაკავშირებული სიტუაცია ცვალებადია, რადგან მან რეგიონში „დიდი არმადა“ გაგზავნა, თუმცა ფიქრობს, რომ თეირანს ნამდვილად სურს შეთანხმების დადება.

„ირანთან ახლოს დიდი არმადა გვყავს. ვენესუელაზე დიდი“, - განაცხადა ტრამპმა Axios-თან ინტერვიუში, თუმცა დასძინა, რომ დიპლომატია კვლავ ვარიანტად რჩება.

„მათ შეთანხმების დადება სურთ. მე ასე ვიცი. არაერთხელ დარეკეს. მათ საუბარი სურთ“, - აღნიშნა ტრამპმა.

Axios-ი, წყაროებზე დაყრდნობით, წერს, რომ ტრამპს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება ირანზე დარტყმების შესახებ. გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი ამ კვირაში ამ საკითხზე კონსულტაციებს გამართავს.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნის“ დამრტყმელი ჯგუფი აშშ-ის სამხედრო ძალების ცენტრალური სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში შევიდა, რომელიც ირანსაც მოიცავს.

ipn.ge