ჰარმონიული გლობალიზაციისა და მართვის ინსტიტუტის დირექტორი თეიმურაზ ზაქრაძე მიიჩნევს, რომ ირანზე თავდასხმა ამერიკასა და ისრაელს ნავთობის ბაზარზე კონტროლის დაწესებისთვის სჭირდებათ. ასევე, ტრამპის მიზანი, გავრცელებული მოსაზრების მიუხედავად, პუტინის გაძლიერებაა.
თეიმურაზ ზაქრაძემ ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემა „პროფესიონალებში“ ისაუბრა.
როგორც თეიმურაზ ზაქრაძე აღნიშნავს, რესპუბლიკელები არ შედიან სხვა ქვეყნებში დემოკრატიის დასამყარებლად, რესპუბლიკელები შედიან თავიანთი სპონსორების გასამდიდრებლად.
„რესპუბლიკელები სხვა ქვეყნებში შედიან, ქმნიან ოლიგარქიულ კლანებს და ასე იყო ერაყში, ასე იყო ავღანეთში და ასე აპირებენ ირანშიც. რატომ ირანი და იმიტომ, რომ ირანი საკვანძო ქვეყანაა. არავინ იცავს და არავის სჭირდება აიათოლების რეჟიმი, მაგრამ როცა ირანზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, ბირთვული შეთანხმება უნდა გავიხსენოთ, რომელიც ობამამ და ექვსმა წამყვანმა ევროპულმა სახელმწიფომ გააფორმეს. ეს გზა, ეს მეთოდი, ბირთვული შეთანხმება, იძლეოდა საშუალებას, სრულად გაკონტროლებულიყო ირანის ბირთვული პროგრამა. ასევე, შესაძლებელი გახდებოდა ირანის მიერ ცივილიზებული ნაბიჯების გადადგმა, ცივილიზებულ სამყაროში ინტეგრაცია. ამ შემთხვევაში, როცა ირანი გაიხსნებოდა, მასზე მსოფლიოს ზეწოლა უფრო გაძლიერდებოდა, რაც ტრანსფორმაციის დასაწყისი იქნებოდა. ეს არის შიდა პროცესი, რომელიც თავად ქვეყანაში უნდა მომწიფდეს, რისთვისაც გახსნილობაა საჭირო, ადამიანების უფლებების დაცვაზე ზრუნვაა საჭირო, რაც ძალიან რთული პროცესია და მით უფრო არ შეიძლება ბომბებით ამის გადაწყვეტა, გამორიცხული ამბავია. პირიქით, ავტოკრატიული რეჟიმები ომების შედეგად ახდენენ კონსოლიდაციას და უფრო ძლიერდებიან. ამდენად, ეს მიდგომა, რაც ტრამპმა ნათლად აჩვენა - ბირთვული შეთანხმებიდან გამოსვლა, შეგნებულად მოხდა, რათა ირანთან ომი გაჩაღებულიყო“, - აცხადებს თეიმურაზ ზაქრაძე.
მისივე განმარტებით, ვენესუელისა და ირანის ნავთობი დაახლოებით მთელი მარაგების 15%-ია, ჰორმუზის სრუტეში მსოფლიოს ნავთობის 40-45% გაედინება. ამდენად, ამერიკისა და ისრაელის მიზანი სწორედ ამ მნიშვნელოვანი შესაძლებლობის დაუფლება და ნავთობის ბაზარზე კონტროლის დაწესებაა.
„აი, რისთვის შევიდა იქ ამერიკა და რისთვის უნდოდა იქ შესვლა ისრაელს - იმისთვის, რომ ნავთობის ბაზარზე დააწესონ კონტროლი. ნავთობის ბაზარზე კონტროლის დაწესება კი ნიშნავს შემდეგ რაღაცას: ევროპის დასუსტებას, იაპონიის დასუსტებას, რადგან ძვირი ნავთობი მათ ეკონომიკას პრობლემებს შეუქმნის და მოსკოვის გამდიდრებას. შესაბამისად, ვითომდა ის აზრი, რომ ტრამპი პუტინს ანადგურებს, არის აბსურდული, აბსოლუტურად საფუძველს მოკლებული. პირიქით, ირანის განადგურებით პუტინს აძლიერებს - ნავთობზე ფასები წავიდა მაღლა და შესაბამისად, შავ ბაზარზე გაყიდის ნავთობს თუ ჩინეთს მიჰყიდის, ფასი მაღალი იქნება და შესაბამისად, პუტინი ამით ამოისუნთქებს. ერაყში ომის შედეგადაც ნავთობის ფასი 170 დოლარზე ავიდა, მოსკოვმა შექმნა უზარმაზარი სავალუტო რეზერვი - 700 მილიარდამდე, ვალები გაისტუმრა და წამოვიდა ჩვენთან საომრად იმპერიის აღსადგენად - გამდიდრებული და გაძლიერებული. არადა, ჰუსეინსაც როგორ კბილებით იცავდა მოსკოვი, გმობდა ამერიკელების აგრესიას, მაგრამ სინამდვილეში ხელებს იფშვნეტდა და დოლარებს ითვლიდა“, - ამბობს თეიმურაზ ზაქრაძე.
თეიმურაზ ზაქრაძე 1970-იანი წლების ბოლოს ავღანეთსა და ირანში განვითარებულ მოვლენებსაც იხსენებს და აღნიშნავს, რომ მაშინაც ყველაფრის მიზეზი ნავთობი იყო.
„ეს ისტორია გუშინ და დღეს არ დაწყებულა, ძველი ამბავია. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ნავთობსადენი „დრუჟბა“ ააშენეს და საბჭოთა კავშირი ნავთობის მთავარი მიმწოდებელი გახდა ევროპისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა, რომ ირანის სახით ბაზრიდან კონკურენტი მოეშორებინათ. სწორედ ამიტომ 1970-იანი წლების ბოლოს საბჭოთა კავშირი აწყობს რევოლუციებს და მოჰყავს აიათოლები, რომლებმაც შეასრულეს ის, რაც მოსკოვს უნდოდა. ირანის ნავთობი ბაზარზე თავისუფლად რომ იყიდებოდეს, მოსკოვი გაკოტრდებოდა, აღარ იარსებებდა. ამიტომაც არის ირანი ნახევარ საუკუნეზე მეტი დაბლოკილი, რომ მოსკოვი კარგად ცხოვრობდეს. ტრამპი ახლაც აკეთებს სწორედ იმას, რომ მოსკოვმა არსებობა გააგრძელოს - ირანზე თავდასხმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სწორედ რუსეთისთვის არის, რათა ნავთობზე ფასები გაიზარდოს და იმპერიის შენარჩუნება შეძლოს“, - დასძენს თეიმურაზ ზაქრაძე.