წარმოშობით ირანელი, დორინ გრანპიშე მის მიერ დაფუძნებული აუტიზმისა და მასთან ასოცირებული დარღვევების კვლევის ცენტრის ეროვნული ქსელის CARD-ის დაბრუნებას ცდილობს, რომელიც მან წლების წინ Blackstone-ის კერძო საინვესტიციო ფონდს $600 მილიონად მიჰყიდა.

აუტიზმის სამკურნალო სპეციალიზაციით კომპანია გრანპიშემ 1990 წელს დააარსა. მან ბიზნესი 2018 წელს გაყიდა.

კომპანია CARD მიმდინარე წელს  გაკოტრებულად გამოცხადდა. 2022-2023 წლებში მან $160 მილიონი გამოიმუშავა, მაგრამ $82 მილიონის ზარალი განიცადა. დამფუძნებელმა ბიზნესპარტნიორთან ერთად კომპანიას $25 მილიონიანი შეთავაზება გაუგზავნა, თუმცა მზად არის თანხა გონივრულობის ფარგლებში გაზარდოს. თუ CARD-ს სხვა მყიდველი არ გამოუჩნდება, დორინ გრანპიშე კვლავ კომპანიის მფლობელი გახდება. თუმცა, ამჯერად მას ბიზნესის თავიდან აშენება არ მოუწევს. 

CARD-ის ქსელში ამჟამად აშშ-ის 13 შტატში მდებარე 130 ცენტრი შედის, სადაც 3500 პაციენტს მკურნალობენ.

დღეს კომპანია სულ სხვა ადგილზეა, ვიდრე ხუთი წლის წინ იყო, როცა გრანპიშემ Blackstone-თან მოგებიანი გარიგება დადო და იმედოვნებდა, რომ აუტიზმის მკურნალობა უფრო სწრაფად განვითარდებოდა. 

მაშინ დამფუძნებელი კომპანიის 75%-ს ფლობდა, დანარჩენი კი თანამშრომლების საკუთრება იყო. საქმიანობის პიკში ქსელი 265 კლინიკისგან შედგებოდა, სადაც მთელი ქვეყნის მასშტაბით აუტიზმით დაავადებულ 7000 ბავშვს მკურნალობდნენ. მას შემდეგ ფირმას მძიმე დარტყმა მიაყენა პანდემიამ, ინფლაციამ, დაზღვევის შეღავათების ცვლილებამ, პერსონალის დეფიციტმა. 

„მჯერა, რომ სამყაროს იქ მივყავართ, სადაც უნდა წავიდეთ, ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც უნდა მომხდარიყო. მაგრამ დღეს რომ ისევ მქონოდა არჩევანი, დიდი ალბათობით CARD-ს არ გავყიდდი“, - აცხადებს გრანპიშე, რომელიც კომპანიის გაყიდვამდე ერთი წლით ადრე მისი 100%-იანი წილის მესაკუთრე გახდა.

დორინ გრანპიშე ამერიკაში ერთ-ერთი ის ქალია, რომელმაც წარმატებას დამოუკიდებლად მიაღწია. მისი ქონება დაახლოებით $350 მილიონია.

თუ გრანპიშე კომპანიის დაბრუნების მიზანს მიაღწევს, ფინანსების სიმწირის გარდა, მას სხვა სირთულეებთან გამკლავებაც მოუწევს, როგორიცაა მაგალითად პერსონალის შენარჩუნება-გადამზადება.

ასევე CARD-ის მიმართ არსებობს კრიტიკული პოზიცია, რომლის მიხედვითაც კომპანიაში გამოყენებული თერაპიის ტიპი, რომელიც ზოგიერთი ქცევის წახალისების საფუძველზე სხვა უნარებს თრგუნავს, შესაძლოა ბავშვის ცნობიერებას აზიანებდეს და ზრდასრულ ასაკში დაბალი თვითშეფასების საფუძველი შეიძლება ხდებოდეს.