ილონ მასკის ხელოვნური ინტელექტის სტარტაპ xAI-ის თანადამფუძნებლებმა, ტონი ვუმ და ჯიმი ბამ, კომპანია დატოვეს. ამის შესახებ მათ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტებში განაცხადეს.

მათი წასვლა xAI-დან კადრების გადინების ტალღის ნაწილია, რის შედეგადაც კომპანია უკვე 12 თანადამფუძნებლიდან ნახევარმა დატოვა.

The Financial Times-ის ინფორმაციით, ჯიმი ბას გადადგომას ტექნიკურ გუნდში დაძაბულობა უძღოდა წინ. გამოცემის ცნობით, დაპირისპირება ხელოვნური ინტელექტის მოდელის მუშაობის გაუმჯობესების მოთხოვნებს უკავშირდებოდა. ილონ მასკი ცდილობს, კონკურენტებს, OpenAI-სა და Anthropic-ს, სწრაფად დაეწიოს.

როგორც Reuters-ი წერს, არც ბასა და არც ვუს გადადგომის მიზეზები არ დაუზუსტებიათ და სამომავლო გეგმები გაუმხელიათ, თუმცა ორივემ ილონ მასკს მადლობა გადაუხადა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ მასკის კოსმოსურმა კომპანიამ SpaceX-მა განაცხადა, რომ xAI-ს შეიძენს. გარიგების შედეგად $1.25-ტრილიონიანი კომპანია შეიქმნება, რომლის საჯარო განთავსებაც (IPO) მიმდინარე წელს იგეგმება. მიღებული რესურსი, მასკის გეგმების მიხედვით, კოსმოსში მონაცემთა ცენტრების განთავსების დაფინანსებას მოხმარდება.

წყარო: forbes.ge