იაპონიის პრემიერ-მინისტრი თანამდებობას ტოვებს. როგორც შიგირუ იშიბამ განაცხადა, ის ტოვებს ლიბერალურ დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას, რაც ნიშნავს, რომ ის ქვეყნის მთავრობის მეთაური აღარ იქნება.

ეს გადაწყვეტილება იაპონიის პრემიერ-მინისტრმა თავისი პარტიის მიერ საპარლამენტო არჩევნებში განცდილი მარცხის შემდეგ მიიღო. ჟურნალისტების ცნობით, იშიბას გადაწყვეტილება მიზნად ისახავს პარტიაში განხეთქილების თავიდან აცილებას.

ცნობისთვის, ივლისში გამართული არჩევნების შედეგად მმართველმა კოალიციამ, რომელსაც სათავეში შიგირუ იშიბა უდგას, საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატაში უმრავლესობა დაკარგა.

აღსანიშნავია, რომ მემარჯვენე ცენტრისტული პარტია 1955 წლიდან ფაქტობრივად უცვლელად მართავს იაპონიას, მისი ლიდერები კი ხშირად იცვლებიან.