იაპონიამ მიიღო ახალი პოლიტიკა ენერგეტიკის, კლიმატის და მრეწველობის შესახებ. ახლადშემუშავებული კლიმატგონივრული პოლიტიკა 2040 წლამდე ენერგეტიკული და ინდუსტრიული მიზნების მიღწევას შეუწყობს ხელს. ქვეყნის მთავრობამ ქვეყნის სათბურის აირების ემისიების შემცირებისთვის ახალი სამიზნე მაჩვენებლებიც გაწერა.
ახალი ეროვნული სტრატეგია, რომელშიც დეკარბონიზაცის სამოქმედო გეგმა 2040 წლამდეა გაწერილი, მინისტრთა კაბინეტმა უკვე დაადასტურა.
მთავრობის მოლოდინით, გატარებულმა ზომებმა უნდა უზრუნველყონ ბიზნესებისთვის სტაბილური პოლიტიკა, უნდა წაახალისოს დეკარბონიზაცია, სტაბილური ენერგომიწოდება და ეკონომიკური ზრდა.
იაპონიის განახლებული მიზანია, ნახშირბადის ემისიები 2013 წლის დონესთან შედარებით 2035 წლისთვის 60%-ით, ხოლო 2040 წლისთვის 73%-ით შეამციროს.
იაპონია აპირებს, რომ განახლებული სამოქმედო გეგმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას მიმდინარე თვეში წარუდგინოს, რაც პარიზის შეთანხმების ნაწილია.
ქვეყანა ამჟამად ემისიების რაოდენობით მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა, რადგან იაპონია კვლავ წიაღისეული საწვავის მოხმარებაზეა დამოკიდებული. მართალია იაპონიის მთავრობას 2030 წლისთვის ემისიების 46%-იანი შემცირება ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ განახლებული მიზანი ბევრად ამბიციურია.
განახლებული გეგმით, 2040 წლისთვის იაპონიის ელექტროენერგიის 50% მწვანე რესურსებზე უნდა მოდიოდეს, 20% კი - ატომურ ენერგიაზე. აქამდე იაპონიის მიზანი ატომურ ენერგიაზე დამოკიდებულების შემცირება იყო, განახლებული გეგმით კი ქვეყანა ახალი თაობის რეაქტორების აშენებას გეგმავს.