„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებით, „ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო და უფასო ნავიგაციის თავისუფლების სამუდამოდ აღდგენა აუცილებელია“.
საფრანგეთში შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში, „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარეებს ასევე მოუწოდეს „მოქალაქეებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ“.
მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა, წვლილი შეიტანონ სრუტის გახსნის უზრუნველყოფის მიზნით განხორციელებულ ძალისხმევაში, თუმცა განაცხადეს, რომ პირველ რიგში საჭიროა დეესკალაცია.
გავრცელებული ინფორმაციით, ირანი ცდილობს, მიიღოს კანონპროექტი, რომელიც ჰორმუზის სრუტეში გადაადგილებულ გემებზე გადასახადის დაწესებას ითვალისწინებს.
„ჩვენ ხაზი გავუსვით კონფლიქტის ზემოქმედების მინიმიზაციის მნიშვნელობას რეგიონულ პარტნიორებზე, მშვიდობიან მოსახლეობაზე, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე და ჰუმანიტარული დახმარების ძალისხმევის კოორდინაციის აუცილებლობას. ყურადღება გავამახვილეთ მრავალფეროვანი პარტნიორობის, კოორდინაციისა და დამხმარე ინიციატივების ღირებულებაზე, მათ შორის გლობალური ეკონომიკური შოკების შესამსუბუქებლად, როგორებიცაა ეკონომიკური, ენერგეტიკული, სასუქებისა და კომერციული მიწოდების ჯაჭვების შეფერხებები, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს მოქალაქეებზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.