გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტიერეში უშიშროების საბჭოსა და ბრეტონ-ვუდსის სისტემის რეფორმირების ინიციატივით გამოდის. ეს უკანასკნელი ფულადი ურთიერთობებისა და სავაჭრო ანგარიშგებების საერთაშორისო სისტემაა. მისი აზრით, არც ერთი მათგანი აღარ შეესაბამება დღევანდელი მსოფლიოს რეალობას. ამის შესახებ გუტიერეშმა იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„გლობალური ფინანსური არქიტექტურა მოძველებული, დისფუნქციური და უსამართლოა. „კოვიდ-19“-ის პანდემიითა და უკრაინაში რუსეთის ინტერვენციით გამოწვეული ეკონომიკური შოკის პირობებში მან ვერ შეასრულა თავისი ძირითადი ფუნქცია, ყოფილიყო მსოფლიოსთვის უსაფრთხოების ქსელი“, – განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.