ურთიერთობები დანიასა და მის ყოფილ კოლონიას, გრენლანდიას შორის დროდადრო იძაბება. გრენლანდიელების უკმაყოფილების ერთ-ერთი მიზეზია „მშობლის კომპეტენციის“ დადგენის მიზნით შემუშავებული ერთობ საკამათო ტესტები: ამ ფსიქოლოგიურ ტესტების შედეგებს დანიის მუნიციპალიტეტები ბავშვების გაშვილების პროცესში ეყრდნობიან და მათ საფუძველზე გამოაქვთ დასკვნა, რამდენად აუცილებელია გრენლანდიელი მშობლისთვის ახალშობილის ჩამორთმევა და სხვა, დანიური ოჯახისთვის მინდობით აღზრდისთვის გადაცემა.

გრენლანდიის დამოუკიდებლობის მომხრეთა ზეწოლის ფონზე, რომელიც მათი კუნძულის შესახებ დონალდ ტრამპის ცნობილი განცხადებების შემდეგ კიდევ უფრო გააქტიურდა, დანიის მთავრობამ გადაწყვიტა, ამ ფსიქოლოგიური ტესტების ჩატარებას წერტილი დაუსვას. როგორც „გარდიანი“ წერს, ეს არის იმ უფლებადამცველი ორგანიზაციების გამარჯვება, რომლებიც ამ ტესტებს დიდი ხანია აკრიტიკებენ და მას „გრენლანდიელებისთვის და დანიაში მცხოვრები სხვა უმცირესობებისთვის კულტურულად შეუსაბამოს“ უწოდებენ.

ბავშვი მხოლოდ იმიტომ გააშვილეს, რომ მისი გრენლანდიელი დედა „არასაკმარისად ცივილიზებულად“ მიიჩნიეს

მისი საქმე 2024 წლის ბოლოს დასრულდა: 38 წლის გრენლანდიური წარმოშობის ქალმა, კირა ალექსანდრა კრონვოლდმა, 8 ნოემბერს, დანიის ქალაქ ტისტედის საავადმყოფოში ჯანმრთელი ქალიშვილი გააჩინა, მაგრამ მშობიარობიდან ორი საათის შემდეგ, ახალშობილი მან ტისტედის მუნიციპალიტეტის მენეჯერს იძულებით ჩააბარა. ძალით წართმეული ბავშვი ეროვნებით დანიელს მინდობით აღზრდაში გადაეცა. მომხდარის მიზეზმა საზოგადოება შოკში ჩააგდო: მშობლების უნარების ტესტის შედეგების საფუძველზე, კირა ალექსანდრა კრონვოლდი „საკმაოდ ცივილიზებულ“ დედად არ იქნა აღიარებული.

17 იანვარს, დანიის სოციალური დაცვისა და საბინაო საკითხების სამინისტრომ უკან დაიხია და ამ ტესტებზე უარი თქვა, ყოველ შემთხვევაში, - გრენლანდიური წარმოშობის მშობლებისთვის მაინც. ოპონენტების აზრით, ტესტები გრენლანდიურ კულტურას არ შეესაბამებოდა: გრენლანდიელი ბავშვის მშობლებს დანიურ ენაზე შედგენილი ტესტების მიხედვით აფასებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის მათი მშობლიური ენა. უფლებადამცველი ჯგუფები ასევე გმობდნენ იმ ფაქტს, რომ ტესტები, გრენლანდიის კულტურის გათვალისწინების გარეშე, მხოლოდ დასავლური კულტურებისთვის დამახასიათებელ მიმიკებსა და ჟესტიკულაციაზე იყო ფოკუსირებული.

ტესტირების დასასრული: გადაწყვეტილება ძალიან დაგვიანებული ხომ არ არის და დამოუკიდებლების მომხრეთა დამშვიდებას ხომ არ ემსახურება?

ამ უკანდახევის დრო კითხვებს აჩენს. როგორც „გარდიანი“ აანალიზებს, ეს მოხდა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გრენლანდიის შეძენა შეერთებული შტატებისთვის „აბსოლუტური აუცილებლობაა“ და კუნძულს მისი ვაჟი, დონალდ ტრამპი-უმცროსი ესტუმრა.

თუმცა, ეს ტესტები, ჯერ კიდევ 2022 წელს, დანიის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტმა მკვეთრად გააკრიტიკა და უწოდა მათ „არაადეკვატური, კულტურული განსხვავებების გათვალისწინებით“. როგორც ინსტიტუტი ამტკიცებდა, გრენლანდიელი მშობლები „რისკავენ, რომ ტესტირებისას მიიღებენ არადამაკმაყოფილებელ შედეგებს, რის გამოც მედიკოსები გამოიტანენ დასკვნას, მაგალითად, ბავშვის მშობლების შემეცნებითი შესაძლებლობების დაქვეითების შესახებ და ეს დასკვნა არანაირ რეალურ მტკიცებულებაზე არ იქნება დაფუძნებული“. ინსტიტუტი ასევე აცხადებდა, რომ „შეფასების დროს დაშვებულმა ასეთმა შეცდომებმა შეიძლება ბავშვის იძულებით გაშვილებას შეუწყოს ხელი“.

ტესტირებაზე უარის თქმა, რომელსაც დანიის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტი მიესალმება, ძალიან დაგვიანდა. ამასთან დაკავშირებით, „გარდიანის“ კორესპონდენტი დანიაში ყურადღებას ამახვილებს კვირა საღამოს, სატელევიზიო დებატების დროს, გრენლანდიის პრემიერ-მინისტრ მუტე ეგედეს მიერ გაკეთებულ განცხადებებზე, რომელიც გადაიცემოდა როგორც დანიაში, ასევე გრენლანდიაში.

მისი თქმით, გრენლანდიის ავტონომიურ ტერიტორიას „ყელში ამოუვიდა“ იმის მრავალჯერ მოსმენა, რომ მადლობელი უნდა იყოს კოპენჰაგენის, რომელიც „კარგი კოლონიური მმართველია“. „დანია რომ უკეთესად მოქცეულიყო გრენლანდიელების მიმართ, კუნძულის მომავალი მსჯელობის საგანი შეიძლება არც კი გამხდარიყო“, - დასძინა მან.

დამოუკიდებლობის განწყობის ასეთ ტალღაზე დონალდ ტრამპს ბიზნესის გაკეთება შეუძლია.

წყარო: "საზმაუ"