აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა გრენლანდიაში ვიზიტის დროს თქვა, რომ აშშ გრენლანდიელი ხალხის თვითგამორკვევის უფლებას პატივს სცემს და იმედოვნებს, რომ ისინი "აშშ-სთან პარტნიორობას აირჩევენ", რადგან აშშ-ს უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ ყოფნა დანიის უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ ყოფნას ჯობია და აშშ "ერთადერთი ერია დედამიწაზე", რომელიც "გრენლანდიის სუვერენიტეტს პატივს სცემს".
ამის შესახებ ვენსმა გრენლანდიაში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე ვიზიტის დროს სიტყვით გამოსვლისას ილაპარაკა.
"მეტი უნდა გავაკეთოთ. რაც პრეზიდენტმა თქვა ქვეყნის მდგომაროების შესახებ თავის მიმართვაში - და ამის შესახებ მან ძალიან ნათლად თქვა - არის, რომ გრენლანდიელი ხალხის თვითგამორკვევის უფლებას პატივს ვცემთ, მაგრამ ჩემი არგუმენტი მათთვის არის ის, რომ, ვფიქრობ, გაცილებით უკეთესად იქნებოდით აშშ-ს უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ, ვიდრე დანიის უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ იყავით, რადგან დანიის უსაფრთხოების ქოლგა ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ მათ ეს ყველაფერი მამაც ამერიკელებს ჩააბარეს და იმედოვნებდნენ, რომ საფასურს ჩვენ გადავიხდიდით. გრენლანდიელ ხალხს უბრალოდ ვეუბნებით, რომ როდესაც პრეზიდენტი ამბობს, რომ გრენლანდია უნდა გვქონდეს, გულისხმობს იმას, რომ ეს კუნძული უსაფრთხო არ არის. მისით მრავალი ადამიანი არის დაინტერესებული. მრავალი ადამიანი დგამს ნაბიჯებს. ვიცით, რომ ამერიკა ამ კუნძულის უსაფრთხოებაზე ღელავს გრენლანდიელი ხალხის გულისთვის და ასევე აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების გულისთვის. ამიტომ, ჩვენი გზავნილი ძალიან მარტივია. დიახ, გრენლანდიელ ხალხს თვითგამორკვევა ექნებათ. იმედი გვაქვს, რომ აშშ-სთან პარტნიორობას აირჩევენ, რადგან ჩვენ ვართ ერთადერთი ერი დედამიწაზე, რომელიც მათ სუვერენიტეტს პატივს სცემს და მათ უსაფრთხოებას პატივს სცემს, რადგან მათი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაცაა". - თქვა ვენსმა.
აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა ილაპარაკა ჩინეთისა და რუსეთის მხრიდან კუნძულით დაინტერესებაზე და არქტიკაში აშშ-ს როლის ზრდის მნიშვნელობაზე. ვენსმა აღნიშნა, რომ "თუ ამერიკა ამას არ იზამს", ვაკუუმს სხვა ერები შეავსებენ.
"ვიცით, რომ რუსეთი და ჩინეთი და სხვა ერები არქტიკის დერეფნებსა და საზღვაო გზებში და არქტიკის ტერიტორიის მინერალებში გასაკუთრებულ ინტერესს იჩენენ. უნდა უზრუნველვყოთ, რომ ამერიკა არქტიკაში ლიდერობს, რადგან ვიცით, რომ თუ ამერიკა ამას არ იზამს, სხვა ერები შეავსებენ ხვრელს, სადაც ჩვენ ჩამოვრჩებით". - თქვა ვენსმა.
ვენსის თქმით, დანია რუსეთის და ჩინეთის მზარდი ინტერესის ფონზე გრენლანდიაში უსაფრთხოებას სათანადო ყურადღებას არ უთმობს და ამ მხრივ "ჩამორჩა".
"მსურს ვისაუბრო, რა თქმა უნდა, ურთიერთობაზე და იმაზე, რაც დანიამ, ვფიქრობ, გააკეთა ზოგჯერ ჩვენი პარტნიორობის ფარგლებში, მაგრამ, მოდით, პატიოსნები ვიყოთ, იმაზეც, რაც დანიამ არ გააკეთა ზოგიერთ შემთხვევაში, რადგან ვიცით, რომ, სამწუხაროდ, ეს ადგილი, ეს ბაზა, გარშემო ტერიტორია ნაკლებად უსაფრთხოა, ვიდრე 30, 40 წლის წინ იყო, რადგან ზოგიერთი ჩვენი მოკავშირე ჩამორჩა. ჩინეთი და რუსეთი გრენლანდიაში უფრო და უფრო დიდ ინტერესს იჩენენ, ამ ბაზაში, აქ მყოფი მამაცი ამერიკელების საქმიანობაში, ვიცით, რომ ზედმეტად ხშირად ჩვენი მოკავშირეები ევროპაში ტემპს ჩამორჩნენ". - თქვა ვენსმა.
ვენსმა აღნიშნა, რომ აშშ-ს "ყველასთან კარგი ურთიერთობა" სურს, თუმცა ამას საჭიროების შემთხვევაში ძალის დემონსტრირება სჭირდება. მანვე თქვა, რომ დანია გრენლანდიას სათანადოდ ვერ იცავს და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეს თავს ვერ ართმევს.
"ისინი სამხედრო ხარჯებს ჩამორჩნენ და დანია ჩამორჩა ამ ბაზის შესანარჩუნებლად საჭირო რესურსების გამოყოფას, რათა ჩვენი ჯარისკაცები შევინარჩუნოთ და, ჩემი შეხედულებით, გრენლანდიის მოსახლეობა დავიცვათ რუსეთის, ჩინეთის და მრავალი სხვა ერის ძალიან აგრესიული შეჭრისგან. პრეზიდენტი ტრამპი, როგორც ყოველთვის ამბობს და როგორ მრავალი ადამიანი ამჩნევს, მშვიდობის პრეზიდენტია. გვსურს, რომ ყველასთან კარგი ურთიერთობა გვქონდეს. ეს მოიცავს, შეძლებისდაგვარად, ჩინელებსაც და რუსებსაც. თუმცა, კარგი ურთიერთობების ნაწილი შენი ძალის ჩვენებაც არის, როდესაც გჭირდება. სამწუხაროდ, გრენლანდიის ამბავი ბოლო 20 წლის განმავლობაში, როდესაც საუბარი უსაფრთხოებას ეხება, ის არის, რომ არასათანადოდ ჩავდეთ ინვესტიცია ინფრასტრუქტურაში, უსაფრთხოების არქიტექტურასა და იმ მამაც კაცებსა და ქალებში, რომლებიც ძალიან ბევრს შრომობენ, რათა, როგორც მაიკმა [უოლცმა] თქვა, ყველა ჩვენგანი დაგვიცვან. ეს უნდა შეიცვალოს". - თქვა ვენსმა.
ვენსის თქმით, ტრამპის ადმინისტრაციის "გზავნილი დანიისთვის ძალიან მარტივია" - ვენსი დანიას გრენლანდიასა და მის უსაფრთხოებაში არასაკმარისი ინვესტიციის ჩადებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ეს "უნდა შეიცვალოს".
"და რადგან ეს არ შეცვლილა, სწორედ ამიტომ არის პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკა გრენლანდიაში ის, რაც არის. ის შეესაბამება ტრამპის პირველ ადმინისტრაციას, როდესაც თქვენ არქტიკის უსაფრთხოებაში მნიშვნელოვანი ინვესტიციები იხილეთ და ეს გაგრძელდება შემდეგი 4 წლის განმავლობაში პრეზიდენტ ტრამპის ლიდერობის ქვეშ. [...] ჩვენი არგუმენტი ძალიან მარტივია, ჩვენ არ გვაქვს პრობლემა გრენლანდიელ ხალხთან, რომლებიც, ჩემი აზრით, საოცრები არიან და ამ შემთხვევაში საოცარი შესაძლებლობა აქვთ. ჩვენი არგუმენტი სინამდვილეში დანიის ხელმძღვანელობას ეხება, რომელმაც გრენლანდიასა და მის უსაფრთხოების არქიტექტურაში არასათანადო ინვესტიცია ჩადო. ეს უბრალოდ უნდა შეიცვალოს. აშშ-ს პოლიტიკა ის არის, რომ ეს შეიცვლება". - თქვა ვენსმა.
ტრამპის ადმინისტრაციამ გრენლანდიაში ვიზიტის თავდაპირველი გეგმა შეცვალა და მხოლოდ Pituffik-ის სამხედრო ბაზა მოინახულა, რასაც დანია მიესალმება.
ვიზიტის თავდაპირველ გეგმას გრენლანდიის მოქმედმა პრემიერმინისტრმა, მუტე ეგედემ ვიზიტს "პროვოკაციული უწოდა, რადგან ის გრენლანდიის კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების მოლაპარაკებებს ემთხვევა.
თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა, ბრაიან ჰიუსმა 25 მარტს განაცხადა, რომ დელეგაციის მიზანი "გრენლანდიის, მისი კულტურის, ისტორიისა და ხალხის გაცნობა" იყო.
მანამდე, დანიის პრემიერმინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა, რომ აშშ გრენლანდიასა და დანიაზე დაგეგმილი ვიზიტით ზეწოლას ცდილობს.
"ცხადია, რომ ეს არ არის ვიზიტი იმის შესახებ, თუ რა სურს ან სჭირდება გრენლანდიას. [...] ამიტომ, უნდა ვთქვა, რომ ეს ამ სიტუაციაში მიუღებელი ზეწოლაა გრენლანდიასა და დანიაზე. ჩვენ ამ ზეწოლას წინააღმდეგობას გავუწევთ". - თქვა ფრედერიკსენმა.
"პრეზიდენტი ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. მას გრენლანდია სურს. შესაბამისად, ეს [ვიზიტი] სხვა ყველაფრისგან დამოუკიდებლად ვერ აღიქმება". - თქვა ფრედერიკსენმა.
როგორც ფრედერიკსენმა აღნიშნა, გრენლანდიის წარმომადგენლებმა "ნათლად" გამოხატეს, რომ "ახლა ვიზიტი არ სურთ, რადგან მთავრობა არ ჰყავთ" ამ თვეში ჩატარებული არჩევნების შემდეგ. მისივე თქმით, "სხვა ქვეყნის ოფიციალურ წარმომადგენლებთან კერძო ვიზიტი ვერ გექნება".
მანამდე, ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა 23 მარტს განაცხადეს, რომ აშშ-ს მეორე ლედი, უშა ვენსი, თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცი, და ენერგეტიკის მინისტრი, კრის ვრაითი, ამ კვირაში გრენლანდიაში ჩავლენ იმ ფონზე, როცა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დიდი ხანია, ამბობს, რომ გრენლანდია აშშ-ს ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების მიზნებისთვის სჭირდება.
წყარო: tabula.ge