ფიზიკური შესაძლებლობები ასაკთან ერთად მიილევა, მაგრამ ბევრი ჩვენგანი ფიქრობს, რომ ეს პრობლემა ღრმა სიბერემდე არ შეეხება.
თუმცა, ახალი კვლევის თანახმად, ფიზიკური მონაცემები და ძალა 35 წლის ასაკში იწყებს კლებას, მიუხედავად ვარჯიშისა. ამას მოჰყვება თანდათანობითი კლება, რომელიც ასაკთან ერთად ჩქარდება.
მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ბედი შეიძლება გარდაუვალი იყოს, არ ნიშნავს იმას, რომ არაფრის შეცვლა არ შეგვიძლია. ამ კვლევის თანახმად, მაშინაც კი, თუ ფიზიკური აქტივობა პიკის გადადებაში არ დაგვეხმარება, შეუძლია, გავლენა მოახდინოს იმაზე, თუ რამდენად სწრაფად გაუარესდება ჩვენი შესაძლებლობები.
დაბერებას თან ახლავს ჩონჩხის კუნთების პროგრესული დაქვეითება, რაც შეიძლება ზოგიერთ ადამიანში შესამჩნევად გამოიხატოს 60-იან წლებში და ზოგჯერ მობილობა შეზღუდოს.
ელიტურ სპორტსმენებზე ჩატარებულმა წინა კვლევებმა აჩვენა, რომ, მიუხედავად განუწყვეტელი ვარჯიშისა, როგორც წესი, ფიზიკური შესრულება პიკს დაახლოებით 30 წლის ასაკში აღწევს. ეს კი მიუთითებს, რომ ასაკთან დაკავშირებული კუნთების დაკარგვის მექანიზმები შესაძლოა ათწლეულებით ადრე მოქმედებდეს იქამდე, ვიდრე ისინი კლინიკურად მნიშვნელოვანი გახდება.
სპორტსმენების ფიზიკურ შესაძლებლობათა შესწავლას უპირატესობები აქვს, მაგალითად, მონაცემებზე ხელმისაწვდომობა და უმოძრაო ცხოვრების წესის ჩარევის არარსებობა. თუმცა, ასევე არის „აშკარა ნაკლი“ ის, რომ ელიტური სპორტსმენები ვერ იქნებიან ზოგადი მოსახლეობის წარმომადგენლები.
ახალი კვლევისთვის, მკვლევრებმა ჩაატარეს პოპულაციაზე დაფუძნებული გრძივი კვლევა იმის იმედით, რომ გაზომავდნენ ზოგადი მოსახლეობის ფიზიკურ შესაძლებლობებს მოზარდობიდან ხანდაზმულ ასაკამდე.
ამ თემის კვლევა ძირითადად ეფუძნება ჯვარედინი კვლევებს, რომლებიც აანალიზებს მოსახლეობის მონაცემებს დროის კონკრეტულ წერტილში. შესაბამისად, გრძივ კვლევებს შეუძლია მოგვცეს ღირებული პერსპექტივები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს ცვლადები პერიოდის განმავლობაში.
მკვლევრებმა გამოიყენეს ორგანიზაცია შვედეთის ფიზიკური აქტივობისა ფიტნესის (SPAF) კოჰორტული კვლევის მონაცემები — გრძივი კვლევის, რომელიც რამდენიმე ასეულ მონაწილეს აკვირდებოდა 1974 წლიდან, იმ დროიდან, როცა ისინი 16 წლის იყვნენ.
SPAF მოიცავდა იმავე ადამიანების ძალისა და ფიტნესის მონაცემებს ბოლო ხუთი ათწლეულის განმავლობაში ხუთი ინტერვალით. ეს კი უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა ნახევარი საუკუნის მანძილზე ფიზიკური შესაძლებლობების ცვლილებათა გასაზომად.
მკვლევართა ცნობით, როგორც ჩანს, ჯვარედინი კვლევებით არასაკმარისად არის შეფასებული ასაკთან დაკავშირებული ფიზიკური შესაძლებლობების დაქვეითება, მაგრამ მათ მიერ მიღებული დასკვნები მხარს უჭერს არსებულ მტკიცებულებას იმის შესახებ, რომ ის კაცზე და ქალზე ერთნაირად ახდენს გავლენას.
ორივე სქესში, კუნთების გამძლეობა და სავარაუდო მაქსიმალური აერობიკული შესაძლებლობები პიკს 26-დან 36 წლამდე აღწევდა, შემდეგ კი თანდათანობით იკლებდა, თავიდან წელიწადში 0,3 – 0,6 პროცენტით, შემდეგ კი წელიწადში 2,5 პროცენტამდე; ამ მხრივ სქესებს შორის სხვაობა არ იყო.
სხვაობა იყო კუნთების ძალაში — ამ მხრივ, კაცები პიკს 27 წლის ასაკში აღწევდნენ, ქალები კი 19. შემდეგ მათი კუნთის ძალა ერთნაირი მაჩვენებლით მიილეოდა, თავიდან წელიწადში 0,2 – 0,5 პროცენტით, შემდეგ კი ჩქარდებოდა და წელიწადში 2 პროცენტს ან მეტს აღწევდა. 63 წლის ასაკში, მონაწილეთა ზოგადი კლება პიკური ფიზიკური შესაძლებლობიდან მერყეობდა 30-48 პროცენტს შორის.
არის ერთი კარგი ამბავი. მიუხედავად იმისა, რომ არ შეგვიძლია ფიზიკური დაქვეითების თავიდან აცილება, შეგვიძლია, რეგულარული ვარჯიშის შედეგად შევამციროთ მისი სიჩქარე.
„ინდივიდები, რომლებიც 16 წლის ასაკში თავისუფალ დროს ფიზიკურად აქტიურები იყვნენ, შეინარჩუნეს უფრო მაღალი აერობიკული შესაძლებლობა, კუნთების გამძლეობა და კუნთების ძალა დაკვირვების პერიოდში“, — წერენ მკვლევრები.
ეს კი წარმოაჩენს თინეიჯერებსა და ახალგაზრდა მოზრდილებში ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციის მნიშვნელობას, მაგრამ ეს მაინც მნიშვნელოვანია ნებისმიერ ასაკში. ამ კვლევის თანახმად, მონაწილეები, რომლებიც მოზარდობაში უფრო აქტიურები იყვნენ, მაინც ახერხებდნენ ფიზიკური შესაძლებლობის დაახლოებით 10 პროცენტით გაუმჯობესებას.
„მოძრაობის დაწყება არასოდესაა ძალიან გვიან. ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ ფიზიკურ აქტივობას შეუძლია შესრულების დაქვეითების შენელება, თუნდაც სრულად შეჩერება ვერ შეძლოს. ახლა ვიკვლევთ მექანიზმს იმისა, თუ რატომ აღწევს ყველა ადამიანი ფიზიკურ შესაძლებლობათა პიკს 35 წლის ასაკში და რატომ შეუძლია ფიზიკურ აქტივობას დაქვეითების შენელება, მაგრამ არა მთლიანად შეჩერება“, — ამბობს კვლევის ავტორი, შვედეთის სამეფო ინსტიტუტის მკვლევარი მარია ვესტერშტოლი.
კვლევა Journal of Cachexia, Sarcopenia and Muscle-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია news.ki.se-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.