მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) მონაცემებით, 2027 წლისთვის გლობალური დათბობის დონემ შესაძლოა  1,5 °C-ის ზღვარს გადააჭარბოს. ეს მაჩვენებელი 2015 წელს პარიზის შეთანხმებაში მთავარ ინდიკატორად დაწესდა - მისი გადაჭარბება შეიძლება ნიშნავდეს, რომ მსოფლიო კლიმატის ცვლილების ახალ ფაზაში შედის. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი გაეროს განყოფილების, მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) მკვლევართა მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.

მკვლევარების აზრით, 66%-იანი შანსია, რომ 2027 წლისთვის საშუალო წლიური გლობალური ტემპერატურა 1,5 °C-ის ზღურბლს გადააჭარბებს.

„ეს ანგარიში არ ნიშნავს იმას, რომ გლობალური ტემპერატურა სამუდამოდ გადააჭარბებს 1.5°C დათბობის დონეს, რომელიც განსაზღვრულია პარიზის შეთანხმებით. თუმცა, WMO განგაშს ტეხს, რადგან ჩვენ ვარღვევთ 1,5°C დათბობის დონეს დროებით, მაგრამ მზარდი სიხშირით“, - თქვა WMO-ს გენერალურმა მდივანმა პეტერი ტაალასმა კვლევის შედეგებზე.

ამ დონეზე გლობალურ დათბობას  შეიძლება ჰქონდეს სერიოზული შედეგები ადამიანის ჯანმრთელობაზე, სურსათის უსაფრთხოებაზე და წყლის რესურსების მართვაზე.

პარიზის კლიმატის შეთანხმებას 2015 წელს 190 ქვეყნის წარმომადგენელმა მოაწერა ხელი. მის ფარგლებში, ხელმომწერი ქვეყნები შეთანხმდნენ რომ ერთობლივი ძალისხმევით შეაკავონ გლობალური ტემპერატურის ზრდა 2°C-ით. ამავდროულად, დოკუმენტში მითითებულია, რომ სასურველია გლობალური დათბობის ხარისხი არ აღემატებოდეს საკვანძო ზღურბლს 1,5°C-ს, რის შემდეგაც უკვე ვლინდება კლიმატის ცვლილების საშინელი შედეგები.