„დინამო თბილისის“ თავდამსხმელი გიორგი ლომთაძე ამერიკულ კლუბ „მონტერეი ბეიში“ გადავიდა – ინფორმაციას „ტრანსფერმარკტი“ ავრცელებს.
გიორგი ლომთაძე „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია. ნიჭიერი მოთამაშე თავიდანვე იქცევდა ყურადღებას, იყო ყველა ასაკობრივი (17, 19 და 21-წლამდე) ნაკრების წევრი.
24 წლის თავდამსხმელი თამაშობდა „სამტრედიაში“, გორის „დილაში“, „გაგრაში“, ისრაელში „ბნეი იეჰუდაში“, 2025 წელი „დინამო თბილისში“ გატარა, „მონტერეი ბეისთან“ კი კონტრაქტი ოფციონის სისტემით, 1+1 წლით გააფორმა.
„მონტერეი ბეი“ კალიფორნიის შტატის ქალაქის გუნდია, რომელიც 2021 წელს დაარსდა და ამერიკული ფეხბურთის რანგით მეორე ლიგის (USL) დასავლეთ კონფერენციის წევრია.