Gibson-ს მუსიკის ისტორიაში განსაკუთრებული კვალი აქვს დატოვებული – მისი გიტარები მსოფლიოს უდიდესი სცენების განუყოფელი ნაწილია. ლეგენდარული მუსიკოსები, როგორებიც არიან ჯიმი პეიჯი, სლეში, ერიკ კლეპტონი და სხვები, სწორედ Gibson-ის ინსტრუმენტებით ქმნიდნენ მათთვის დამახასიათებელ ხმას. არაერთი ჟანრი – ჯაზი, ბლუზი, როკი თუ ჰევი მეტალი – სწორედ Gibson-ის ინსტრუმენტებზე შესრულებულმა სიმღერებმა განსაზღვრა. ამიტომ ეს უბრალოდ ინსტრუმენტი არაა, ესაა ბრენდი, რომელიც მუსიკალური კულტურის სიმბოლოდ იქცა.
ისტორიის დასაწყისი
Gibson-ის ისტორია იწყება 1894 წელს, როდესაც ორვილ გიბსონმა (Orville Gibson) მანდოლინებისა და გიტარების წარმოება მიშიგანში, კალამაზუში დაიწყო. მისი მიზანი იყო ისეთი ინსტრუმენტების შექმნა, რომლებიც ტრადიციულზე უფრო ხმამაღალი, მდიდარი და გამძლე იქნებოდა.
ბრენდის ფესვებს მე-19 საუკუნის ბოლოსკენ მივყავართ. ორვილ გიბსონი ამერიკელი ოსტატი იყო, რომელიც ნიუ-იორკში დაიბადა 1856 წელს. მან 1894 წელს პატარა სახელოსნოში დაიწყო მუშაობა და ქმნიდა მანდოლინებსა და გიტარებს, რომლებიც გამოირჩეოდა იმ დროისთვის ინოვაციური კონსტრუქციით: ერთიანი გამოთლილი ხის კორპუსი, რაც ინსტრუმენტს უფრო სუფთა ჟღერადობასა და დიდ გამძლეობას აძლევდა. მისი ხედვა იმდენად გამორჩეული აღმოჩნდა, რომ 1902 წელს ოფიციალურად დაფუძნდა Gibson Mandolin-Guitar Mfg. Co.
ინოვაციები და ზრდა
XX საუკუნის განმავლობაში ბრენდი მუსიკალური სამყაროს ერთ-ერთ მთავარ ინოვატორად იქცა. 1936 წელს Gibson-მა გამოუშვა პირველი ელექტროგიტარა – ES-150, რომელმაც ჯაზის მუსიკოსებისთვის ახალი ეპოქა დაიწყო. კონცეფცია, რომელიც გიბსონმა მუსიკოსებს შესთავაზა, მალე გავრცელდა და სამუდამოდ შეცვალა გიტარაზე დაკვრის წესები.
მეორე მსოფლიო ომის დასასრულს, 1944 წელს, Gibson ჩიკაგოს მუსიკალური ინსტრუმენტების კომპანიამ შეიძინა იმ მოლოდინით, რომ გიტარაზე მოთხოვნა ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწევდა – ისინი არ შემცდარან და მომდევნო ათწლეულები Gibson-ისთვის ბუმის წლები იყო, როდესაც ბრენდის ყველაზე ცნობილი ინსტრუმენტები შეიქმნა.
თუმცა ყველაზე დიდი რევოლუცია 1950-იან წლებში მოხდა, როდესაც კომპანია „ინჟინერ ლეს პოლთან” (Les Paul) თანამშრომლობით შექმნა ხის პირველი ელექტროგიტარა – Gibson Les Paul. ამ დროს კომპანიის პრეზიდენტი ტედ მაკკარტი გახდა და მისი ხელმძღვანელობით, გამოვიდა ES-5. თუმცა ყველა ეს ინოვაცია მხოლოდ საწყისი წერტილი იყო შემდგომი მოვლენებისთვის.
ოქროს ხანა
1960-70-იან წლებში Gibson უკვე წამყვან ბრენდად აღიქმებოდა. ისეთი მუსიკოსები, როგორებიც არიან ჯიმი პეიჯი (Led Zeppelin), სლეში (Guns N’ Roses), ერიკ კლეპტონი და სხვა ლეგენდები, იყენებდნენ Gibson Les Paul-სა და სხვა მოდელებს (SG, Flying V, Explorer), რითაც კომპანიის ინსტრუმენტები მუსიკალური კულტურის განუყოფელ ნაწილად აქციეს.
კრიზისები
წარმატებების მიუხედავად, კომპანია რთულ პერიოდებსაც გადაეყარა. 1980-იან წლებში კონკურენციის ზრდამ და არასწორმა მენეჯმენტმა Gibson ფინანსურ კრიზისში ჩააგდო. მიუხედავად ამისა, ბრენდის ისტორიული მემკვიდრეობა და მუსიკოსების ერთგულება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ კომპანიამ შეძლო გადარჩენა და საკუთარი პოზიციის აღდგენა.
დღევანდელი მდგომარეობა
დღეს Gibson კვლავ ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი და პრესტიჟული გიტარის მწარმოებელია მსოფლიოში. კომპანია აქტიურად ავითარებს როგორც კლასიკურ მოდელებს, ასევე, ახალ სერიებს, რომლებსაც თანამედროვე მუსიკოსების მოთხოვნებზე მორგებული დიზაინი და ტექნოლოგიები აქვს. Gibson-ს უკვე არა მხოლოდ გიტარის, არამედ ცხოვრების სტილის ბრენდად აღიქვამენ — მისი ინსტრუმენტები მსოფლიოს სცენებსა და სტუდიებში კვლავ მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ხოლო ბრენდი დღემდე ინარჩუნებს ლეგენდარულ სტატუსს.
წყარო: marketer.ge