გერმანიის საბაჟო ქვეყანაში შესვლის შემთხვევაში რუსულნომრიანი მსუბუქი ავტომობილების კონფისკაციას ახდენს. საბაჟოში აცხადებენ, რომ რუსეთიდან გერმანიაში მანქანების ნებისმიერი იმპორტი, თუნდაც პირადი ტრანსპორტით ქვეყანაში შესვლა ავტომობილის დაკავების საფუძვლად ჩაითვლება. ამის შესახებ რუსულ სააგენტო RBC-ს გერმანიის საბაჟოს სამსახურში განუცხადეს.

საბაჟოს მთავარი სამმართველოს ცენტრალური საინფორმაციო ოფისი აცხადებს, რომ რუსეთიდან ევროკავშირში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ემბარგოს კანონმდებლობით აკრძალულია. ამ კონტექსტში სიტყვა „იმპორტი“ მოიცავს საქონლის ან ტვირთის ნებისმიერ მოძრაობას, ასევე, ქვეყანაში რუსულნომრიანი პირადი ავტომობილით შესვლას.

კერძოდ, ემბარგოს XXI დანართში ჩამოთვლილია საქონელი, რომლის პირდაპირ ან ირიბად შეძენა, იმპორტი ან გადაცემა აკრძალულია, თუ ისინი რუსული წარმოშობისაა ან ექსპორტირებულია რუსეთიდან. ამასთან, გერმანულად ევროკავშირის სანქციების კანონის ოფიციალურ თარგმანში გამოყენებულია ტერმინი, „Einfuhr,“ რომელიც, საბაჟო იმპორტისგან განსხვავებით, ქვეყანაში მარტივ იმპორტს ნიშნავს. აქ იგულისხმება ქვეყანაში არა მხოლოდ მსუბუქი ავტომობილით შესვლა, არამედ, მაგალითად, ფეხსაცმლის, ლეპტოპების, მობილური ტელეფონების შეტანა.

ევროკავშირის წესების მიხედვით, გაერთიანების თითოეულ ქვეყანას საერთოევროპული სანქციების დამოუკიდებელი ინტერპრეტაციისა და იმპლემენტაციის უფლება აქვს.

bpn.ge