გერმანიის კანცლერის ამ სიტყვების მოსმენისას, ორი გარემოება უნდა გავითვალისწინოთ. პირველი - მომავალ წელს ხუთ ფედერალურ მხარეში ადგილობრივი არჩევნები ტარდება. მეორე - გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მზარდი პოპულარობა, რომელსაც აღმოსავლეთ გერმანიის ორ რეგიონში უპრეცედენტო, 40-პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს.
20 ოქტომბერს, ჟურნალისტმა გერმანიის კანცლერს ჰკითხა, თავის პოზიციებზე რჩებოდა თუ ბოდიშს მოიხდიდა იმისთვის, რომ გასულ კვირას დიდი ქალაქებიდან მიგრანტების ფართომასშტაბიან დეპორტაციას დაუჭირა მხარი.
ფრიდრიხ მერცმა საკუთარი პოზიცია დაიცვა და დასძინა: „რაღაც უნდა შევცვალოთ“.
„არ ვიცი, გყავთ თუ არა თქვენ ვაჟები ან ქალიშვილები (...). ჰკითხეთ თქვენს ქალიშვილებს, ეჭვი მაქვს, ძალიან მკაფიო პასუხს მიიღებთ. უკან არაფერი მიმაქვს; პირიქით, ხაზს ვუსვამ: რაღაც უნდა შევცვალოთ“, - უპასუხა კანცლერმა ჟურნალისტს.
გასულ კვირას კანცლერმა მიანიშნა, რომ გერმანიის ქალაქებში პრობლემა თავად მრავალფეროვნებაშია.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს ეს პრობლემა ურბანულ ლანდშაფტში და ამიტომ, შინაგან საქმეთა ფედერალური მინისტრი ახლა მუშაობს იმაზე, რომ დაუშვას და განახორციელოს ფართომასშტაბიანი გამოსახლებები“, - აღნიშნა მან ბერლინის გარეუბანში, ბრანდენბურგის მხარეში ვიზიტის დროს.
ასეთი განცხადებებისთვის კრიტიკოსებმა გერმანიის კანცლერი მიგრაციის შესახებ „საშიში“ რიტორიკის გამოყენებაში დაადანაშაულეს.
ფრიდრიხ მერცს რამდენიმე ოპოზიციონერი გამოეპასუხა. მაგალითად, „მწვანეთა პარტიის“ დეპუტატმა, რიკარდა ლანგმა მას პატერნალიზმსა და ახალგაზრდების რეალური პრობლემების უგულებელყოფაში დასდო ბრალი.
„შესაძლოა, „ქალიშვილებსაც“ მობეზრდათ, რომ ფრიდრიხ მერცი მათ უფლებებსა და უსაფრთხოებაზე მხოლოდ მაშინ ზრუნავს, როცა სურს, ისინი თავისი სრულიად ჩამორჩენილი პოლიტიკის გასამართლებლად გამოიყენოს“, - დაწერა მან „X“ პლატფორმაზე.
ბრანდენბურგის „მწვანეების“ ლიდერმა მერცი რასობრივი ცრურწმენების გაღვივებაშიც დაადანაშაულა. „საშიშია, როდესაც მმართველი პარტიები ცდილობენ, ადამიანებს იარლიყი მათი გარეგნობის ან წარმოშობის მიხედვით მიაკერონ“, - აცხადებს ლანგი.
„სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენელი, ნატალი პავლიკი კი ამბობს, რომ „მიგრაცია არ უნდა გახდეს გაკიცხვისა და პოპულისტური განცხადებების სამიზნე - ეს კიდევ უფრო ყოფს საზოგადოებას“.
ფრიდრიხ მერცმა კანცლერის თანამდებობა მიმდინარე წლის მაისში AfD-ის აღზევებასთან ბრძოლის დაპირებით დაიკავა.
თებერვლის საყოველთაო არჩევნებში, კონსერვატიულმა ბლოკმა „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი / ქრისტიან-სოციალური კავშირი“ (ქდკ/ქსკ) 28.5 პროცენტი მიღო, მაშინ როდესაც AfD-მ მისთვის რეკორდული, 20.8 პროცენტი მოიპოვა.
მას შემდეგ, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ქდკ/ქსკ-ს კოალიციას გაუთანაბრდა და, ზოგიერთი გამოკითხვის თანახმად, უკვე გაუსწრო კიდეც.
ეს საგანგაშო ნიშანია ფრიდრიხ მერცის „ქრისტიან-დემოკრატებისთვის“, რომლებიც კვირასა და ორშაბათს მომავალი წლის ხუთი ფედერალური მხარის არჩევნების სტრატეგიის განსასაზღვრად შეიკრიბნენ.
გერმანელი პოლიტიკური ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ტრადიციული პარტიები, როგორიცაა, მაგალითად, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“, ულტრამემარჯვენეებს მედიის დღის წესრიგის განსაზღვრის საშუალებას აძლევენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი უნებლიედ ახდენენ AfD-ს ქსენოფობიური და რასისტული იდეების ლეგიტიმაციასა და გავრცელებას.
წყარო: 1 არხი