გერმანიაში Volkswagen-ის ქარხნების მუშები მომავალ კვირაში გაიფიცებიან. კომპანიის ხელმძღვანელობამ ვერ მიაღწია შეთანხმებას პროფკავშირ IG Metall–თან, რომელიც წარმოადგენს გერმანიაში VW-ის მუშაკთა უმრავლესობის ინტერესებს ხარჯების შემცირების ზომებთან დაკავშირებით, რასაც ავტომწარმოებელი იძულებულია მიმართოს ელექტრომობილების ბაზრის შესუსტების და უფრო მკაცრი კონკურენციის პირობებში, წერს The Wall Street Journal.
IG Metall-ის სპიკერმა პარასკევს განაცხადა, რომ VW ქარხნების თანამშრომლები ორშაბათს დაიწყებენ გამაფრთხილებელ გაფიცვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი შეწყვეტენ მუშაობას დღეში რამდენიმე საათის განმავლობაში.
აქციის ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნება მოლაპარაკებების პროგრესზე, აღნიშნა მან.
ჯამში VW გერმანიაში 10 საწარმოს მართავს, სადაც დაახლოებით 300 ათასი ადამიანია დასაქმებული. გაფიცვა შეეხება დაახლოებით 120 ათას თანამშრომელს, აღნიშნავს WSJ.
VW-სა და პროფკავშირს შორის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი უშედეგოდ დასრულდა. მოლაპარაკებები 9 დეკემბერს განახლდება.