გერმანული ჟურნალი Der Spiegel ბუნდესვერის ახალ სტრატეგიულ დოკუმენტზე დაყრდნობით წერს, რომ გერმანიის სამხედრო უწყება რუსეთს ეგზისტენციალურ რისკად მიიჩნევს.

კონფიდენციალური დოკუმენტის თანახმად, კრემლი საკუთარ სამრეწველო და ხელმძღვანელობის სტრუქტურებს NATO-სთან მასშტაბური ომისთვის ამზადებს და მომავალი წლიდან რუსეთს შესაძლოა დაახლოებით 1.5 მილიონი მოქმედი სამხედრო მოსამსახურე ჰყავდეს.

ბუნდესვერის შეფასებით, გერმანია აღნიშნულ საფრთხეს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუწევს წინააღმდეგობას, თუ თანმიმდევრულად განავითარებს როგორც სამხედრო, ისე საზოგადოებრივ შესაძლებლობებს.

Spiegel წერს, რომ სტრატეგიული დოკუმენტი სამხედროებმა და ექსპერტებმა უკანასკნელი 18 თვის განმავლობაში შეიმუშავეს, რათა ის ბუნდესვერის მომავალი მიმართულების სახელმძღვანელოდ გამოიყენონ.

მანამდე გერმანიის ფედერალური დაზვერვის სამსახურის (BND) ხელმძღვანელმა, ბრუნო კალმა განაცხადა, რომ ის დარწმუნებულია, რომ რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და უკრაინაში მიმდინარე ომს მხარს უჭერს.

ამის შესახებ კალმა Table Today-ის პოდკასტში ისაუბრა.

"გვაქვს შთაბეჭდილება, რომ მთელი რუსი ხალხი მზადაა გაჰყვეს პუტინს, მიიჩნევს, რომ ეს ომი აუცილებელია, ხოლო ბოროტი NATO აგრესორია". - თქვა დაზვერვის უწყების ხელმძღვანელმა.

tabula.ge