დონალდ ტრამპმა თავის გუნდს განუცხადა, რომ აშშ-ს შეიარაღებული ძალების ირანზე თავდასხმის გეგმები უკვე დაამტკიცა, მაგრამ „საბოლოო ბრძანება“ ჯერ არ გაუცია, რადგან ელოდება, მოახდენს თუ არა ირანი კაპიტულაციას და იტყვის თუ არა ის უარს ბირთვულ პროგრამაზე, რასაც თეირანი კატეგორიულად გამორიცხავს. ეს ინფორმაცია „უოლ სტრიტ ჯორნალმა“ ოთხშაბათს, 18 ივნისს ციფრულ გამოცემაში გამოაქვეყნა სამ წყაროზე დაყრდნობით, რომლებიც „საქმის კურსში არიან“.

უფრო ადრე გაკეთებულ განცხადებაში, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება იმის შესახებ, მიიღებს თუ არა აშშ მონაწილეობას ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებულ თავდასხმებში და დასძინა, რომ უახლოეს რამდენიმე საათში თეთრი სახლის კრიზისების მართვის ოთახში შეხვედრას ჩაატარებს.

„მე მაქვს იდეები იმის შესახებ, თუ რას ვაპირებ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიმიღია - მე მიყვარს საბოლოო გადაწყვეტილების მიღება განსაზღვრულ დროზე ერთი წამით ადრე, რადგან, ხომ იცით, ყველაფერი იცვლება. განსაკუთრებით ომის პერიოდს ვგულისხმობ, როდესაც ყველაფერი იცვლება. მას შეუძლია, ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავიდეს“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს ოვალურ კაბინეტში.

კითხვაზე, ირანის რეჟიმის დამხობის შესაძლებლობის შესახებ, ტრამპმა უპასუხა: „ეს შეიძლება მოხდეს... ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ხომ ასეა?“.

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ თეირანს ვაშინგტონთან საკომუნიკაციო არხის ქონა სურს, რაც მან არ გამორიცხა, მიუხედავად ადრინდელი განცხადებისა, რომლის თანახმად, „მოლაპარაკებები უკვე ძალიან დაგვიანებულია“.

მან ასევე თქვა, რომ შეერთებული შტატები ირანში „ცეცხლის შეწყვეტას“ კი არა, არამედ „სრულ და აბსოლუტურ გამარჯვებას“ ცდილობს, რითაც ტრამპმა ისრაელის მიდგომა არსებითად გაიმეორა.

„იცით თქვენ, რა არის გამარჯვება? არანაირი ბირთვული იარაღი“, - მიმართა აშშ-ს პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.

ტრამპის განცხადებით, ისრაელი კარგად ახორციელებს ირანზე თავდასხმებს, რომლებიც ბირთვული ობიექტების განადგურებას ისახავს მიზნად. პრეზიდენტის თქმით, მას სჯერა, რომ ისრაელის თავდასხმების დაწყებამდე, ბირთვული იარაღის შექმნასთან ირანი ახლოს იყო და ამერიკის მოკავშირეებს არ სურთ, რომ ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს.

„20 წელია, შეიძლება უფრო მეტიც, ვამბობ, რომ ირანს არ შეიძლება ჰქონდეს ბირთვული იარაღი. ამას დიდი ხანია ვამბობ და ვფიქრობ, რომ მათ რამდენიმე კვირაღა აშორებდათ მის შექმნამდე“, - აღნიშნა ტრამპმა.

„ირანს არ შეიძლება ბირთვული იარაღი გააჩნდეს, ეს ძალიან დიდი კატასტროფა იქნება, რადგან ისინი ამ იარაღს გამოიყენებენ“, - აცხადებს აშშ-ს პრეზიდენტი. „იცით, მე მჯერა, რომ ისინი ამ იარაღს გამოიყენებენ. სხვები არ გამოიყენებდნენ, მაგრამ მე მჯერა, რომ ისინი გამოიყენებენ. ასეა. ეს ძალიან მარტივია“, - დასძინა მან.

წყარო: "საზოგადოებრივი მაუწყებელი"